ირლანდია ევროკავშირში მრავალშვილიანი ოჯახების ყველაზე მაღალი მაჩვენებლით ლიდერობს. ევროსტატის მონაცემებით, ქვეყანაში ყოველი მეხუთე ოჯახი, რომელსაც ბავშვები ჰყავს, მინიმუმ სამ შვილს ზრდის.
ექსპერტები ამ ტენდენციას ქვეყნის სოციალურ პოლიტიკას უკავშირებენ. ირლანდიაში თითოეულ ბავშვზე ყოველთვიურად 140 ევროს ოდენობის დახმარება გაიცემა, ოჯახის შემოსავლის მიუხედავად. ახალშობილისთვის ასევე გათვალისწინებულია ერთჯერადი 280 ევროს გადახდა.
გარდა ამისა, სახელმწიფო აფინანსებს 9-კვირიან შვებულებას ბავშვის დაბადებიდან პირველ ორ წელიწადში – თითოეული მშობელი ამ პერიოდში დაახლოებით 2 691 ევროს იღებს.

2024 წლიდან ძალაში შევიდა ახალი კანონი, რომელიც მშობლებს საშუალებას აძლევს, სამსახურსა და ოჯახურ ცხოვრებას შორის ბალანსი უფრო მარტივად დაიცვან. 12 წლამდე ბავშვების (ან 16 წლამდე, თუ ბავშვი შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა) მშობლებს შეუძლიათ მოითხოვონ დისტანციური მუშაობა, მოქნილი გრაფიკი ან ნახევარ განაკვეთზე გადასვლა და დამსაქმებელს მათი მოთხოვნის უარყოფა მარტივად აღარ შეუძლია.
სხვა ქვეყნებს შორის მრავალშვილიანი ოჯახების მაღალი წილი ფიქსირდება შვედეთში (18%) და ფინეთში (17%). ყველაზე დაბალი მაჩვენებლები კი პორტუგალიაში, ბულგარეთში და იტალიაშია – იქ ასეთი ოჯახები 8%-საც არ აღემატება.