ექიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება 13 ივლისს, გორში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, რომელსაც ქვეითად მოსიარულე დედა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ვიდეომიმართვაში, რომელსაც გიორგი ღოღობერიძე „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე აქვეყნებს, ექიმი საუბრობს ქვეყანაში ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკასა და მის მიზეზებზე და აღნიშნავს, რომ რეგულაციები კიდევ უფრო მკაცრი უნდა იყოს.
„ის, რაც ამ ბოლო პერიოდში ხდება, აღარაფერში აღარ წერია. გორში, ახალგაზრდა გოგო – ანა ბერიანიძე და მისი სამი წლის გოგონა, მართა, არაფზხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მძღოლმა იმსხვერპლა. ისმხვერპლა მსუბუქად ნათქვამია – გზაზევე მიაჭყლიტა.
ჩვენი გზები ემსგავსება ბრძოლის ველს, ქუჩაში გამოდიხარ, მიდიხარ საკუთარ საქმეზე, ახალგაზრდა ადამიანი ხარ, არაფერი გაწუხებს და ვიღაც გართმევს დარჩენილ ცხოვრებას და ოჯახი უბედურდება.
ომში არ ვკარგავთ იმდენ ადამიანს, რამდენსაც გზებზე. 2015 წლისდან 2025 წლის ჩათვლით საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევებს 5 324 ადამიანი ემსხვერპლა. მარტო 2025 წელს – 469, აქედან 164 ქვეითი იყო და მათგან 28 ბავშვი.
ერთი ჭიქა სასმელიც კი ადამიანის გონებრივ რესურსს აქვეითებს და მას რისკების შეფასების უნარს უმცირებს. როდესაც ნასვამი ადამიანი საჭესთან ჯდება, ის იმაზე კი არ ფიქრობს, რომ ვინმეს არ დაეჯახოს, არამედ ფიქრობს იმაზე, პატრული თუ გააჩერებს, რამდენ ქულას დააკლებს, წაართმევს თუ არა მართვის მოწმობას…
ჩვენი პატრული თავის საქმეს მართლაც ძალიან კარგად აკეთებს, ძალიან ბევრ ადამიანს ამოწმებს, მეც ძალიან ბევრჯერ შევუმოწმებივარ, ეს ძალიან მომწონს და მათ ამ საქციელს ძალიან ვაფასებ, მაგრამ რეგულაციები კიდევ უფრო მკაცრი უნდა იყოს, მხოლოდ ის პირობები, რაც დღეს გვაქვს, არ მუშაობს.
ადამიანებისთვის მაინც მისაღებია ეს რისკები და მაინც სვამენ, შესაბამისად, თუ ეს რისკები მისაღები უკვე ვეღარ გახდება, ისინი უკვე ვეღარ დალევენ. თუ სხვა ქვეყნებში სტატისტიკა უფრო დაბალია, ჩვენც შეგვიძლია ამ მდგომარეობამდე მივიდეთ“, – ამბობს გიორგი ღოღობერიძე.
