LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ სახლში მოვედი, მაგრამ არავინ დამხვდა, არც აივანზე მდგარი დედაჩემი“ – რას წერს აფხაზეთიდან დევნილი ცნობილი ექიმი

242
fot

ექიმი-რეპროდუქტოლოგი მანანა მგალობლიშვილი, რომელიც სოხუმიდანაა, აფხაზეთში ომის დაწყების დღეებს იხსენებს. მან სოხუმში გამოვლილ რთულ დღეებზე სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა.

„ზუსტად 31 წლის წინ 14 აგვისტოს დაიწყო ომი აფხაზეთში, იმ პერიოდში პოლიტიკური მდგომარეობა საკმაოდ დაძაბული იყო, როგორც აფხაზეთში, ასევე მთელ საქართველოში: ორად გახლეჩილი ქვეყანა და ოჯახებიც კი. წარმოიდგინეთ, რომ ჩვეულებრივი მოვლენა გახლდათ, როცა ოჯახის წევრები ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ და მტრობდნენ იმის გამო, რომ ერთი გამსახურდიას უჭერდა მხარს, მეორე კი შევარდნაძეს. ახალი გამოვლილია 9 აპრილის ტრაგედია, შემდეგ პრეზიდენტ გამსახურდიას დამხობა და დედაქალაქის ცენტრში გაჩაღებული ომი, საშინელი კრიმინალი, ახლაც მიკვირს, როგორ მშვიდად და იმედიანად ვიყავით მაინც.. ამ პერიოდში ვამთავრებდი ლვოვის სამედიცინო ინსტიტუტს, ვიმყოფებოდი სოხუმში ზაფხულის არდადეგებზე, 13 აგვისტოს ჩემს დებთან და მეგობრებთან ერთად ბოლოჯერ ვიყავი ზღვაზე. 14 აგვისტოს – დილიდან სახლის ჩვეული რუტინა, შემდეგ დავიწყეთ მზადება პლაჟზე წასასვლელად და ამ დროს ვიგებთ ინფორმაციას, რომ სოხუმთან სროლებია – დაიწყო ომი. სროლებს და “პატარა ომებს” უკვე დაჩვეული ვართ და ვფიქრობთ, რომ ალბათ ესეც გადაივლის. ელვისებურად ვითარდება მოვლენები. რადიოში და ტელევიზიაში გვესმის სულ უფრო უარესი და საგანგაშო ამბები: დაჭრილები, მსხვერპლი ორივე მხარეს.. მეორე დღეს უკვე სროლები ჩვენც გვესმის, ამბობენ სნაიპერებიაო, ვინ ისვრის, რომელი მხარე, რატომ, რისთვის? არ ვიცით, მაგრამ ფაქტია რომ ტყვიები ზუზუნებენ ჩვენს გარშემო და სახლიდან გარეთ ვერ გავდივართ, ყოველი სროლის განახლებისას იატაკზე ვეცემით და საშინელი პანიკა გვაქვს. მამა ამ დროს კაბინეტში ზის, რაღაცას წერს და ღრმა ფიქრებშია ჩაფლული.. მეზობლები იწყებენ ქუჩის დაცვას, მეორე მსოფლიო ომის დროს შენახული იარაღებიც კი გამოაქვთ, აწყობენ და საბრძოლო მდგომარეობაში მოჰყავთ. იწყებენ მორიგეობას ქუჩის ყველა შემოსასვლელთან, ამასთანავე აწყობენ ბარიკადებს. სიტუაცია სულ უფრო მძიმდება და რამდენიმე დღეში მამას მე და ჩემი დები მივყავართ აეროპორტში, რათა თბილისში გადაგვაფრინოს. მთელი ღამე ვზივართ და ველოდებით. აეროპორტი სავსეა, ხალხს იატაკზე სძინავს, რაღაცნაირად გვტენიან თვითმფრინავში და მამა გვემშვიდობება იმ იმედით, რომ ჩაწყნარდება ყველაფერი და მალე დავბრუნდებით. თვითმფრინავში იმდენი ხალხია, როგორც პიკის საათის ავტობუსში“, – იხსენებს მანანა მგალობლიშვილი.

როგორც ექიმი წერს, ომის დაწყების დღიდან 27 წლის შემდეგ ის აფხაზეთში, თავის ქალაქში დაბრუნდა. საკუთარი სახლის დანახვისას გამოწვეულ ემოციებს ექიმი მტკივნეულად იხსენებს.

„მას შემდეგ სოხუმში მხოლოდ 27 წლის შემდეგ 2019 ში ვბრუნდები.. თვალს შევავლებ ჩემს დამწვარ და გავერანებულ ეზო-კარს, გავივლი ნაცნობ ქუჩებში, დავლევ სოხუმურ ყავას და გონებაში აღვიდგენ ომამდე სოხუმს, ნაცნობ სახეებს და სოხუმურ ხმებს… ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ სახლში მოვედი, მაგრამ არავინ დამხვდა, არც აივანზე მდგარი დედაჩემი, შორიდანვე ჩემს დანახვაზე მოსაფერებელი სიტყვებით რომ მეგებებოდა… არც მამაჩემი, გახარებული და ამაყად მდგარი თავისი კაბინეტის ფანჯრასთან. უცნაურია, როცა ტაქსით ჭოჭუას ქუჩაზე მე-17 სკოლას ვუახლოვდები, ინსტიქტურად ვემზადები ტაქსისტს ვუთხრა – “ნა პრავო” ანუ მარჯვნივ და უცებ მახსენდება… რომ სახლში არ და ვერ მივდივარ, ვდუმდები და ტაქსიც აგრძელებს გზას..“, – წერს მანანა მგალობლიშვილი ფეისბუქში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g