„ისლამურმა სახელმწიფომ“ გაავრცელა აუდიოჩანაწერი, სადაც, ისლამისტების მტკიცებით, თავად მათი ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ხმაა ჩაწერილი.
ალ ბაღდადი ჩანაწერში თურქეთს ემუქრება და მოუწოდებს მომხრეებს, მოსული დაიცვან. ამასთან, აღნიშნავს, რომ „ისლამური სახელმწიფო“ აუცილებლად გაიმარჯვებს.
ეს ჯიჰადისტების ლიდერის პირველი მიმართვაა ბოლო ერთი წლის მანძილზე. დიდი ხნის დუმილს სხვადასხვანაირად ხსნიდნენ ექსპერტები, ნაწილი ვარაუდობდა, რომ ISIS-ის ლიდერი მკვდარი იყო, თუმცა დაჯგუფება ამის შესახებ ინფორმაციას მალავდა.
უკვე ორი კვირაა, ერაყის არმია მოსულის გასათავისუფლებლად ოპერაციას ატარებს. ბოლო ინფორმაციით, ჯარისკაცები უკვე შევიდნენ მოსულში.