ისრაელის ტურიზმის სამინისტრო ქვეყანაში მყოფ უცხოელ ტურისტებს ქვეყნის დატოვებაში დაეხმარება. ამის შესახებ განცხადებას ისრაელის ტურიზმის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, სპეციალური ფრენები კოორდინირებული გზით ჩატარდება, როგორც კი ამის შესაძლებლობა გაჩნდება.
ამ მიზნით, უწყებამ სპეციალური ციფრული სარეგისტრაციო ფორმა შექმნა, რომელიც ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს – სასტუმროებს, გიდებს, ტუროპერატორებსა და სხვა აქტორებს – ონლაინ პლატფორმებით მიეწოდებათ.
მათი ცნობით, ამჟამად ისრაელში 38 000 ტურისტი იმყოფება.
ტურიზმის სამინისტროს ცნობით, ისინი სიას შეადგენენ და, შემდგომ, ეროვნული უშიშროების საბჭოსა და ტრანსპორტის სამინისტროს გადასცემენ, რათა ტურისტების ქვეყნიდან წასვლის ხელშესაწყობად ავიახაზებთან კოორდინაცია შედგეს.