ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, მთავრობა სასამართლო რეფორმის განხილვას მომდევნო საპარლამენტო სესიისთვის გადადებს.
მისივე თქმით, მთავრობამ რეფორმის გადადების გადაწყვეტილება უფრო ფართო კონსენსუსის მიღწევის სურვილის გამო მიიღო და არ დაუშვებს, რომ ეროვნულ ერთიანობას საფრთხე შეექმნას.
„სამოქალაქო ომი არ უნდა მოხდეს, ჩვენ ისრაელის საზოგადოებაში საშიში შეჯახების გზაზე ვართ. ჩვენ ვართ კრიზისის პროცესში, რომელიც ჩვენ შორის ერთიანობას საფრთხეს უქმნის.
მსგავსი კრიზისი ყველა ჩვენგანისგან პასუხისმგებლიან მოქმედებას ითხოვს. ჩვენ ვემხრობით სასამართლო სისტემაში აუცილებელი ცვლილებების შეტანას და შესაძლებელს გავხდით, რომ ამას ფართო კონსენსუსის გზით მოვაღწიოთ.
ეს არის ღირსეული მიზანი. ამგვარად, ეროვნული პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, მოსახლეობაში გახლეჩვის თავიდან აცილების სურვილით, გადავწყვიტე, გადავდო კანონპროექტის მეორე და მესამე მოსმენა ქნესეთის მიმდინარე სესიაზე, რომ ამგვარად გვქონდეს დრო, რათა მივაღწიოთ ფართო თანხმობას ქნესეთის მომავალი სესიის წინ“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
საგულისხმოა, რომ ინიცირებული რეფორმა, რომელიც ქნესეთმა პირველი მოსმენით თებერვალში მიიღო, უზღუდავს უზენაეს სასამართლოს უფლებამოსილებას, შეაჩეროს მთავრობის მიერ მიღებული კანონების მოქმედება. ასევე, მოსამართლეების შერჩევის პროცესში მთავრობის უფლებამოსილებას ზრდის.
ხსენებული რეფორმის წინააღმდეგ ისრაელში რამდენიმე ხანია საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს. ბოლო პერიოდში კი 27 ქალაქის მერმა შიმშილობს გამოაცხადა.