ისრაელის ჯანდაცვის ექსპერტები თანხმდებიან, რომ ასაკოვან მოქალაქეებს კოვიდვაქცინის მესამე დოზა შესთავაზონ.
ხანდაზმულებისთვის “ბუსტერ” დოზის მიღებას ხმა უკვე მისცა ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ვაქცინაციის კომიტეტმა.
აღნიშნულზე მსჯელობა მას შემდეგ დაიწყეს, რაც კომპანია “ფაიზერმა” ახალი მონაცემები წარადგინა, რომლის მიხედვითაც, “ფაიზერის” ვაქცინის მესამე დოზამ ანტისხეულების დონე 18-დან 55 წლამდე ასაკის ადამიანებში 5-ჯერ გაზარდა, ხოლო 65-დან 85 წლამდე ასაკის ადამიანებში 11-ჯერ.
“კომიტეტმა მხარი დაუჭირა “ფაიზერის” მესამე დოზით აცრას ხანდაზმულებში, რომლებიც უფრო მგრძნობიარეები არიან სერიოზული დაავადებების მიმართ. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა ისრაელის ზრდასრული მოსახლეობისთვის, მიუხედავად იმისა, რომ მესამე დოზით ვაქცინაცია ჯერ კიდევ არ არის დამტკიცებული აშშ-ს სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის მიერ”, – წერენ მედიასაშუალებები.
აღსანიშნავია ისიც, რომ კომიტეტის მოსაზრება გაიყო, თუ როგორი უნდა იყოს ქვედა და ზედა ასაკობრივი ზღვარი მათთვის, ვინც “ბუსტერ” დოზას მიიღებს. ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებენ.
ისრაელი კოვიდ-19-ის დომინანტ ვარიანტთან, “დელტა” შტამთან ბრძოლის მიზნით, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებს.
მიუხედავად იმისა, რომ ისრაელში ახალი შემთხვევების უმრავლესობა ახალგაზრდებს უკავშირდება, ქვეყანა ამ გადაწყვეტილებას ხანდაზმულების დაცვის მიზნით იღებს.
ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს წინასწარი გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ “ფაიზერის” ვაქცინა ახლა მხოლოდ 16%-ით ეფექტიანია “დელტა” ვარიანტის წინააღმდეგ იმ ხანდაზმულებში, რომლებიც ხუთი და ექვსი თვის წინ აიცრნენ.
მეტიც, დადგენილია, რომ 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის ვაქცინის ეფექტიანობა სერიოზული დაავადებების პროფილაქტიკაში 97% -დან 81% -მდე შემცირდა.
“81 % კვლავ ეფექტიანია, მაგრამ ეს ხარვეზი მკვეთრია,” – განაცხადა ვეიზმანის მეცნიერების ინსტიტუტის პროფესორმა ერან სეგალმა და განმარტა, რომ თუ ადრე ვაქცინირებული ადამიანების 60%-ში მძიმე ავადმყოფობის შანსი იყო 3%, ახლა ეს 19%-მდეა გაზრდილი და ეს ექვსჯერ მეტია.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ ისრაელში 5-დან 11 წლამდე ბავშვებს, რომლებიც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების რისკის ქვეშ არიან, კოვიდვაქცინით აცრის შესაძლებლობა ექნებათ.