ისრაელში, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო, დახურულ სივრცეებში პირბადის გამოყენება კვლავ სავალდებულო ხდება. ქვეყანაში ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 169 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის ბოლო თვეების განმავლობაში.
პანდემიის განმავლობაში ისრაელში კორონავირუსული ინფექციით დაავადდა 840 ათასზე მეტი ადამიანი და 6400-ზე მეტი გარდაიცვალა. ქვეყნის მოსახლეობა 9 მილიონს აჭარბებს.
ამასთან, ხელისუფლება მოქალაქეებს, განსაკუთრებით კი არავაქცინირებულებს, ურჩევენ, საზღვარგარეთ მოგზაურობისგან თავი შეიკავონ.
ისრაელში აქტიურად გრძელდება ვაქცინაციის პროცესი, რომელშიც 12-15 წლის ასაკის მოზარდებიც ჩართეს. ისრაელის მოქალაქეებს ცრიან „ფაიზერის“ ვაქცინით, რომელიც მწარმოებლის თანახმად, საკმაოდ ეფექტურია უფრო სწრაფი გავრცელებით გამორჩეული „დელტა“ შტამის წინააღმდეგაც.
ისრაელში უკვე აცრილია მოქალაქეთა 59%.