მთავარ სლაიდზე ფოტო: ipn
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მოსამზადებელი სამუშაოები სრულდება.
თავისუფლების მოედანზე, დამოუკიდებლობის ღონისძიებასთან დაკავშირებით გენერალური რეპეტიცია იმართება.
წელს ცერემონიალის ოფიციალურ ნაწილს სხვადასხვა კომპონენტი ემატება – იქნება საჰაერო კომპონენტის ჩვენება, ასევე ისტორიაში პირველად შესრულდება ევროკავშირის ჰიმნი.
26 მაისის ღონისძიება რუსთაველის გამზირზე ხვალ 11:00 საათზე დაიწყება, 12:00 საათზე წვევამდელები ფიცს დადებენ, 20:30 საათზე კი გალა კონცერტი გაიმართება.
ფიცის დადების საზეიმო ღონისძიება გაიმართება თბილისსა და კიდევ 5 რეგიონში;
15 მუნიციპალიტეტში სამხედრო ტექნიკა გამოიფინება;
იგეგმება საჰაერო კომპონენტის ჩვენება;
სამხედროები ახალი აღჭურვილობით გამოჩნდებიან.
როგორც ცნობილია, წლევანდელ ღონისძიებაში ევროკავშირის წევრი ქვეყნები და ამერიკის ელჩი მიიღებენ მონაწილეობას და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიულოცავენ.
დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის ისტორიაში პირველად, შესრულდება ევროკავშირის ჰიმნი, საქართველოს ჰიმნს ბავშვთა კაპელა შეასრულებს.
“ხვალ ყველა დიდ ქალაქში ტექნიკა და შეიარაღება გამოიფინება. თბილისის გარდა კიდევ 5 ლოკაციაზე სამხედრო ფიცს დადებენ. გვექნება საჰაერო კომპონენტების ჩვენება, როგორც სუ 25-ების, ასევე მი 24-ების და იროკეზების, რომელიც მოდერნიზებულია.
ჩვენი პირადი შემადგენლობა წარმოდგენილი იქნება ახალი შეიარაღებით, აღჭურვილობით და სამხედრო ტექნიკით. სამხედრო ფიცს ერთი ბატალიონის ზომის ქვედანაყოფი დადებს”, – აცხადებს ჯონი ტატუნაშვილი.