LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიური ბოთლი, პორტუგალიური საცობი და ქართული ღვინო: მხოლოდ ქალბატონებისთვის

668

#გააზიარე წარმატება – ამ სლოგანით დაწყებულ ბიზნესდაჯილდოებას, რომელსაც ”თიბისი ბანკი” და ”ჯეოსელი” ერთობლივად,  წელს უკვე მეორედ გამართავენ,  ღვინის მწარმოებელი კომპანია MadaMwine -იც შეუერთდა. კომპანია ქართული ღვინის ბაზარზე 2016 წლის ბოლოს გამოჩნდა და მომხმარებელს ამ ეტაპზე 5 სახეობის წითელ ღვინოს სთავაზობს.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიის დამფუძნებელმა მანანა ახვლედიანმა განუცხადა, MadaMwine-ის პროდუქცია, ძირითადად,  საექსპორტოა და ის ევროპულ ბაზრებზეა გათვლილი. თუმცა, რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზეც ხორციელდება, ღვინის რამდენიმე მაღაზიაში.

”რაც შეეხება უშუალოდ პროდუქტს- ეს არის სრულიად განსხვავებული კონცეფციის ღვინო, რომელიც მხოლოდ ქალბატონებისთვის შეიქმნა. წლების მანძილზე ღვინის სფეროში ვიყავი დასაქმებული და მონაწილეობას ვიღებდი მსოფლიოს მასშტაბით გამართულ ღვინის სხვადასხვა გამოფენებში, სადაც აღმოვაჩინე, რომ ამ მიმართულებით ღვინის წარმოება არსად ხდებოდა. ანუ მსუბუქი ღვინოები, ბუნებრივია, იქმნება სხვა კომპანიების მიერაც, რომლებიც ქალბატონებზეა გათვლილი, თუმცა, ცალკე კომპანია, რომელიც მხოლოდ ამ მიმართულებით მუშაობას, არ იყო. ამიტომ, გადავწყვიტე, MadaMwine-ის დაფუძნება. გავიარე კონსულტაციები ფრანგ კოლეგებთან, რომლებიც აღნიშნული პროდუქციით დაინტერესდნენ და მოიწონეს ჩემი ბიზნეს-იდეა”, – აღნიშნა მანანა ახვლედიანმა.


მისივე თქმით, MadaMwine-ის  პროდუქცია ბევრი რამის გამო არის საინტერესო და გამორჩეული. ”ეს არის უმაღლესი ხარისხის ღვინო, რომელიც საუკეთესო ჯიშის ყურძნით მზადდება. განსხვავებულია შეფუთვაც- ეტიკეტი უკრაინაში დამიმზადეს, ბოთლებისთვის საცობი პორტუგალიიდან ჩამოვიტანე, თავად ბოთლები კი -იტალიიდან. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, MadaMwine-ის ღვინოები იაფი არ ღირს. ეს არის ერთგვარი სასაჩუქრე ღვინო”, – განმარტა კომპანიის დამფუძნებელმა.

როგორც მანანა ახველიდანი ამბობს, მისი ღვინოები სხვადასხვა ხასიათისა და მდგომარეობის ქალბატონებისთვის არის შექმნილი.  ამ ეტაპზე MadaMwine-ის  ბრენდის ქვეშ 5 სახეობის ღვინო იწარმოება, ესენია:

• სადიასახლისო ღვინო

• სამაისო ღვინო , რომელიც შეყვარებული ქალბატონებისთვისაა

• სახალისო ღვინო

• ვარდისფერი ტუჩები – ეს ღვინო თინეიჯერებისთვის შეიქმნა და ალკოჰოლის დაბალი შემცველობისაა

• დალოცვილი კახური – ეს უკვე ტრადიციული ღვინოა


ცნობისთვის, MadaMwine-მა ღვინის ჩამოსმა 2016 წლის დეკემბერში დაიწყო და 2017 წლის იანვარში პროდუქცია უკვე ექსპორტზე ესტონეთსა და ფინეთში გაიტანა. ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს პოლონეთთან და ინგლისთან, სადაც ასევე იგეგმება ქართული ღვინის გატანა. სამომავლოდ, პროდუქციის გამრავალფეროვნებაც განიხილება – ბრენდის წითელ ღვინოებს, 2 სახეობის თეთრი ღვინოც დაემატება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g