პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი.
კენჭისყრის შედეგად, კონსტიტუციურ პროექტს მხარი დაუჭირა 13-მა დეპუტატმა, მათ შორის არიან ოპოზიციის წარმომადგენლები.
კონსტიტუციური პროექტი განსახილველად პირველი მოსმენის რეჟიმში ხვალ პლენარულ სხდომაზე წარედგინება. სწორედ ხვალ მოხდება პლენარულ სხდომაზე კენჭისყრაც.
სხდომაზე გაიმართება მსჯელობა გენერალური პროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებით.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, დღეს, ოპოზიციურ ჯგუფებთან შეხვედრის ფარგლებში “ქართულმა ოცნებამ” დააფიქსირა კონკრეტული პოზიციები და მოიყვანა კონკრეტული არგუმენტები, თუ რატომ არის ეს ჩანაწერი ამ ფორმით პრობლემატური:
“ჩვენ ვთხოვეთ ოპოზიციური ჯგუფების წარმომადგენლებს ამ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული კონტრარგუმენტები წარმოედგინათ. შესაბამისად, საკითხი კანონპროექტში მე-13 პუნქტის დარჩენასთან დაკავშირებით, რომელიც გენერალური პროკურორის არჩევის წესს უკავშირდება, პლენარულ სხდომაზე გადაწყდება.” – თქვა ოხანაშვილმა.
კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორის, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც 19 აპრილის შეთახმების ანულირება მოხდა, ის ვალდებულება, რომელიც “ქართული ოცნების” გუნდს ჰქონდა აღებული ამ ცვლილებასთან დაკავშირებით, არ არსებობს და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ახლა უკვე არსებობდეს რაციონალური არგუმენტები ამა თუ იმ ნორმასთან დაკავშირებით.
კონსტიტუციური კანონპროექტის თანახმად:
➤ მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტი გენერალურ პროკურორს ირჩევს სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით. თუ პარლამენტი სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით გენერალურ პროკურორს ორჯერ ვერ აირჩევს, პარლამენტი გენერალურ პროკურორს ირჩევს სრული შემადგენლობის უმრავლესობით. სრული შემადგენლობის უმრავლესობით არჩეული გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადა ერთი წელია;
➤ მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის დგინდება 2%-იანი საარჩევნო ბარიერი და მანდატების პროპორციული განაწილების წესი;
➤ მიმდინარე და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტში ფრაქციის წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს ოთხზე ნაკლები;