თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ დღეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის სათქმელს ახმოვანებენ.
„ღარიბაშვილი არის ერთადერთი პრემიერი საქართველოში, რომელიც ოფიციალურად კორუფციის ბრალდებით გაუშვეს. ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს შეგახსენებთ, როდესაც ამბობდა, რომ მისმა ნათესავმა შეჭამა ქვეყანა. თავისთავად განწყობა ძალიან კარგად გამოჩნდა მაშინ ბიძინა ივანიშვილის განცხადებებში.
ივანიშვილი კობახიძეს არა მარტო საშიშად მიიჩნევდა, პარტიიდან მის გაგდებასაც აპირებდა. აღარ მახსოვს რა თანამდებობაზე დაინიშნა, დანიშვნიდან ერთ კვირაში რაღაც მოხდა იქ, არ ვიცი, მე არ ვესწრებოდი იმ პოლიტსაბჭოს სხდომას და სრულიად ერთმნიშვნელოვნად, გადაწყვეტილი ჰქონდა მისი გაგდება. უსუფაშვილმა გადაარჩინა მაშინ, მაგრამ დღეს ამ ყველაფერს მნიშვნელობა არ აქვს.
ივანიშვილის აზრი ყოველ წუთას გვესმის ირაკლი კობახიძის პირიდან, ის უბრალოდ ახმოვანებს ბიძინა ივანიშვილს, ცოტა უფრო უნიჭოდ, ვიდრე თვითონ ივანიშვილს რომ ელაპარაკა, ისევე როგორც ღარიბაშვილი“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.
თინა ხიდაშელმა ღარიბაშვილის პრემიერის თანამდებობიდან გათავისუფლების წინარე პერიოდიც გაიხსენა.
„მე შემიძლია ისიც გავიხსენო, კადრებიც არსებობს ამისი, გავდივარ მთავრობის სხდომიდან, ტელეფონმა დამირეკა და გავდივარ, ივანიშვილი მირეკავდა სწორედ, გაგიჟებული იმ განცხადებებით, რომელსაც აკეთებდა მაშინ პრემიერი. იმას მოჰყვა სწორედ მისი გაშვება. იმ მომენტში დამირეკა გააჩუმეთო და მე სხდომაზე როგორ უნდა გამეჩუმებინა. შეგვიძლია ამოვიღოთ ის სხდომა და სიტყვა-სიტყვით გავიხსენოთ, დასავლელ პარტნიორებზე საუბრობდა“ – იხსენებს პოლიტიკოსი.
