ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ გოგი თოფაძე უკვე ასაკშია და მას აქვს ხოლმე წამოცდენები, რომელიც, „შეიძლება ვაპატიოთ.“
“თოფაძეს აქვს წამოცდენები. გოგი კარგი კაცია და შეიძლება, ვაპატიოთ. ახლა ასაკშია, 75-ს გადააჭარბა და არა უშავს, ზოგჯერ წამოცდენები აქვს, მაგრამ მას არა აქვს საპირისპირო აზრი. თუ გნებავთ ჩაეკითხეთ, მოსწონს თუ არა ევროატლანტიკური ინტეგრაცია”, – განაცხადა ივანიშვილმა.
მან, ასევე, კომენტარი გააკეთა თოფაძის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ სტალინის სურათს საქართველოში მალე ყველა კაბინეტში დაკიდებენ.
“მე არა მაქვს სტალინის სურათი. გოგი თოფაძეს თუ აქვს ამის სურვილი, ეს მისი ნებაა, პრინციპში ეს აკრძალული არაა. მე ასეთი დამოკიდებულება მაქვს არა მარტო სტალინთან. თუ გინდათ, პატარა თვისებების სტალინის მსგავსი რომ ჰქონდა ჩვენს ბოლო ლიდერს, იმასაც შეგახსენებთ. არ შეიძლება, ადამიანები იხვრიტებოდნენ და რაიმე აქცია ტარდებოდეს საზოგადოების წინააღმდეგ იმისათვის, რომ რაღაც წყობას ან იდეოლოგიას ჩაეყაროს საფუძველი. არც ერთი ადამიანის სიცოცხლედ არ ღირს არანაირი იდეოლოგია. ისტორიის ნაწილია სტალინი და ვიღაცეები ამას იხსენებენ, ამის უფლება აქვთ. ძალიან საინტერესო და მძაფრი ისტორიაა დაკავშირებული სტალინთან, მათ შორის ჩვენი ქვეყნის განვითარების და მას ისტორიაში აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ჩემთვის სტალინი არ იყო პოზიტივი და ვერც ერთი მისი პოზიტიური ნაბიჯი ვერ დააბალანსებს იმას, როგორც ის მოექცა საზოგადოებას. თუ გოგი თოფაძეს სტალინი მოსწონს, ამაში დანაშაული არაფერი არ არის. მისი ნება და მისი უფლებაა”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
