წინასწარი შეფასებით, მიმდინარე წლის ივნისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 5%, ხოლო მიმდინარე წლის პირველი 6 თვის ზრდამ 4,9% შეადგინა, – ამის შესახებ „საქსტატის” აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ განაცხადა.
მისივე განმარტებით, ივნისში კლება დაფიქსირდა საფინანსო საქმიანობაში. ამასთან, ზრდა შეინიშნებოდა თითქმის ყველა სექტორში, მათ შორის ზრდა დაფიქსირდა მრეწველობის, უძრავი ქონებით ოპერაციებისა და მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევის, ტრანსპორტის, ვაჭრობის, სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში. ამასთან, რამდენიმეთვიანი კლების შემდეგ ზრდა დაფიქსირდა მშენებლობაში. შეგახსენებთ, აღნიშნულ სექტორში იანვრიდან მოყოლებული კლება ფიქსირდებოდა.
საქსტატის დირექტორმა საგარეო ვაჭრობის მონაცემებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პირველ 6 თვეში საქონლის ექსპორტი 11.5%-ით გაიზარდა, იმპორტის მაჩვენებელი კი 4.9%-ით შემცირდა.