LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯაფარიძე: პარლამენტის კედლებში დღეს პოლიტიკური დევნის კიდევ ერთი ახალი ტალღა განხორციელდა

110
1

” პოლიტიკური დევნის კიდევ ერთი ახალი ტალღა დღეს განხორციელდა პარლამენტის კედლებში”, – ამის შესახებ პარტია “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ მას შემდეგ განაცხადა, რაც მას პარლამენტმა სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა.

ბადრი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილს პარლამენტმა სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა

როგორც ჯაფარიძემ ბრიფინგზე განაცხადა, ეს გადაწყვეტილება მათ ვერ გატეხს და პირიქით, ზრდის მოტივაციას, რათა სახელმწიფოს გასათავისუფლებლად იბრძოლონ:

“ქართულმა ოცნებამ” მხარი დაუჭირა ჩემი სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას. ეს მეორედ ხდება ჩემს პოლიტიკურ ცხოვრებაში. პირველად სადეპუტატო უფლებამოსილება სახელმწიფო გადატრიალებამ შემიწყვიტა, ახლა სადეპუტატო უფლებამოსილება მიტაცებულმა სახელმწიფომ. ეს არის იმის შედეგი, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება: სახელმწიფო არის მიტაცებული, შესაბამისად, გადაწყვეტილებები, რომლებიც მიიღება, არის უკანონო, უსამართლო და ჩვენი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგო.

მთელი ეს პერიოდი, რაც ჩემი და მამუკა ხაზარაძის დევნა დაიწყო, ყველა რეპრესიული მექანიზმი, რაც კი შეიძლებოდა ამოქმედებულიყო, ამოქმედდა. კერძოდ, სისხლის სამართლის საქმის აღძვრა, დაკავებული თანამდებობიდან ძალით გათავისუფლება, ანაკლიის პროექტის გაჩერება, სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც საერთოდ სცდება ყველა სამართალს და ყველა პრეცედენტს.

არ არსებობს ასეთი პრეცედენტი, ისეთი გადაწყვეტილება დააწერინეს მოსამართლეს, რომლის ამოცანა იყო ერთადერთი –  რეპუტაციის შელახვა და შემდგომ ამის დაგვირგვინება იყო ის, რომ “ქართული ოცნების” დეპუტაციას გამოეყენებინა ეს სასამართლო გადაწყვეტილება იმისთვის, რომ ჩემთვის სადეპუტატო უფლებამოსილება შეეწყვიტა.

ეს გადაწყვეტილება ჩვენ ვერ გაგვტეხს, პირიქით, ეს ზრდის ჩვენს მოტივაციას იმისათვის, რომ ვიბრძოლოთ სახელმწიფოს განსათავისუფლებლად მიმტაცებელთა ხელიდან.

ჩვენს, “ლელო საქართველოსთვის” კვლავ შევასრულებთ ჩვენს ვალდებულებას თანამოქალაქეების მიმართ, გავაგრძელებთ მშვიდად, შემართებით და გადავდგამთ იმ პოლიტიკურ ნაბიჯებს, რომლებიც მიზანშეწონილად მიგვაჩნია ამ ვითარებაში.

ასე რომ, პოლიტიკური დევნის კიდევ ერთი ახალი ტალღა დღეს განხორციელდა პარლამენტის კედლებში და ძალიან სიმბოლურია, რომ 30 წლის შემდეგ, როდესაც პირველად შეგვიწყვიტა სახელმწიფო გადატრიალებამ უფლებამოსილება, ეს გაიმეორა “ქართულმა ოცნებამ”, მაგრამ ამ ქვეყნისთვის ბრძოლა ღირს”, – თქვა ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, უმრავლესობის გადაწყვეტილებით, პარლამენტმა ბადრი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g