წითელას გავრცელების შემთხვევები ევროპაში 2017 წლის პირველ 6 თვეში გაორმაგდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაზე დაყრდნობით წერს, სადაც ნათქვამია, რომ 2018 წლის პირველ 6 თვეში, ევროპაში მწვავე ინფექციური ვირუსული დაავადების, წითელას 41 ათასი შემთხვევა დაფიქსირდა. 37 ინფიცირებული გარდაიცვალა.
საქართველოს იმ შვიდ ქვეყანას შორისაა, სადაც წითელათი ინფიცირების მაჩვენებელმა 2018 წლის პირველ 6 თვეში 1000–ს გადაჭარბა.
- იტალია
- რუსეთი
- საფრანგეთი
- საქართველო
- საბერძნეთი
- სერბეთი
- უკრაინა
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ევროპის ქვეყნებს შესაბამისი ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.
წითელა მწვავე ინფექციური ვირუსული დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს ტემპერატურის აწევა, ინტოქსიკაცია, ზემო სასუნთქი გზებისა და თვალის ლორწოვანი გარსების ანთება, ლაქოვან-კვანძოვანი გამონაყარი. წითელას ვირუსი ორგანიზმის გარეთ მალე იღუპება, ამიტომ ჯანმრთელს ეს ინფექცია გადაეცემა მხოლოდ ავადმყოფისგან ჰაერწვეთოვანი გზით. მისი მოხდის შემდეგ კი რჩება მყარი იმუნიტეტი.
წითელას ფარული პერიოდი 8-10 დღე გრძელდება. ინფექციის პირველი სიმპტომებია: მაღალი ტემპერატურა, მშრალი ხველა, სურდო, ქუთუთოების შეწითლება, მოთეთრო-მონაცრისფროწერტილები ლოყის შიგნითა ნაწილზე. დაახლოებით მე-3-4 დღეს იწყება გამონაყარის გამოჩენა, ჯერ სახეზე და შემდეგ მთელ ტანზე. გამონაყარი მე-6-7 დღეს ქრება, მაგრამ რჩება ლურჯი კვალი. ცოტა ხნის შემდეგ ტემპერატურა ქვემოთ იწევს. მცირეწლოვან ასაკში წითელას შეიძლება, დაერთოს ფილტვების, ყურის და სხვა ანთებები. ხოლო მოზარდებში შეიძლება, გართულება ტვინის ანთებაც კი იყოს. წითელას ამონაყარი ხასიათდება მცირე ქავილით.