LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანდაცვის სამინისტრო – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საქართველოს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა წარმატებულ მაგალითად დაასახელა

427
ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა ოფისმა საქართველოს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა  წარმატებულ მოდელად აღიარა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ორგანიზაციის 2026 წლის ჰეპატიტების გლობალურ ანგარიშში ხაზგასმულია ქვეყნის მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი ინფექციის ტვირთის მკვეთრი შემცირების კუთხით. დოკუმენტში შეფასებულია ევროპის რეგიონში ვირუსული ჰეპატიტების წინააღმდეგ ბრძოლის შედეგები და არსებული გამოწვევები.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოს გამოცდილება საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორ არის შესაძლებელი დაავადების დაძლევა მტკიცე პოლიტიკური ნების, მასშტაბური ტესტირებისა და საყოველთაო მკურნალობის უზრუნველყოფით.

საკითხთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) აივ/შიდსის, ჰეპატიტების, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისა და ტუბერკულოზის სამმართველოს უფროსმა, ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის საკითხებზე ჯანმოსკოლაბორაციული ცენტრის ხელმძღვანელმა, მაია წერეთელმა.

„საქართველოს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამამ აჩვენა, რომ ელიმინაცია მხოლოდ მიზანი კი არა, რეალურად მიღწევადი შედეგია. ტესტირების გაფართოებით, მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფითა და თემებთან მჭიდრო თანამშრომლობით მკვეთრად შევამცირეთ ქვეყანაში C ჰეპატიტის ტვირთი. ჩვენმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია მიაღწიოს პროგრესს, როდესაც ჰეპატიტი ეროვნული პრიორიტეტი ხდება“, – განაცხადა წერეთელმა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ეს საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს ლიდერობას აღნიშნული მიმართულებით.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს ევროპის რეგიონის ქვეყნებს, დაძლიონ ბარიერები და  გამოიყენონ წარმატებული ქვეყნების გამოცდილება  2030 წლისთვის ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის მისაღწევად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები