„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თემურ ჯანაშიამ ექიმების რეკომენდაციით, შიმშილობა შეწყვიტა, – ამის შესახებ ინფორმაცია „ფორტუნას“ პარლამენტში დაუდასტურეს.
როგორც „ნაციონალურ მოძრაობაში“ ფორტუნას“ განუცხადეს, თემურ ჯანაშია საავადმყოფოშია გადაყვანილი.
რაც შეეხება კიდევ ერთ მოშიმშილე დეპუტატს, ანა წითლიძეს, პარტიაში აცხადებენ, რომ ექიმების რჩევის მიუხედავად ის შიმშილობას განაგრძობს. როგორც პარლამენტის პრესსამსახურში აცხადებენ, ანა წითლიძე მუდმივად ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა.
პარლამენტში მოშიმშილე დეპუტატებიდან დღეს შიმშილობა შეწყვიტა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით კირკიტაძემ. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, კირკიტაძეს ექიმებმა შიმშილობის გაგრძელების რეკომენდაცია აღარ მისცეს. ამავე მიზეზით კი, 18 დეკემბერს შეწყვიტა შიმშილობა აბდულა ისმაილოვმაც.
შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, ანა წითლიძემ, დავით კირკიტაძემ და აბდულა ისმაილოვმა პარლამენტში, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით, შიმშილობა 15 დეკემბერს დაიწყეს. მათ 16 დეკემბერს შეუერთდა ამავე პარტიის წევრი თემურ ჯანაშია.
საკანონმდებლო ორგანოში 24-საათიან რეჟიმში იმყოფებიან ექიმები, რომლებიც მოშიმშილეს მუდმივ მონიტორინგს უწევენ.