ჯარიმა-საურავებისგან გათავისუფლდებიან პირები, რომელთაც დედაქალაქში ტაქსით მომსახურება შესაბამისი ნებართვის გარეშე ან სანებართვო პირობების დარღვევით განახორციელეს.
ტაქსის მძღოლები ასევე ნებართვის გაცემის ფასის დავალიანებისგან გათავისუფლდებიან. გათავისუფლება 2025 წლის 1-ელ ნოემბრამდე დაკისრებულ ჯარიმა-საურავებს შეეხება. შესაბამისი კანონის პროექტი პარლამენტმა დღეს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე მესამე მოსმენით დაამტკიცა. პროექტი „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა წარადგინეს.
„კერძოდ, ა) 135/4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ნებართვის მფლობელებზე, ნებართვის გაცემის ფასის გადაუხდელობის მიზეზით შედგენილი და აღუსრულებელია: – გადაუხდელი ჯარიმა – 6 832 საქმე, 656 542 ლარი; ბ) გადაუხდელი ჯარიმა + საურავი – 15 400 საქმე, 4 865 000 ლარი; გ) აღსასრულებლად გადაცემული და ჯერ არ აღსრულებული – 3 394 საქმე, 1 115 942 ლარი; დ) გასაჩივრებულია 814 საქმე, 178 840 ლარი.
135/4 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით შედგენილი და აღუსრულებელია: ა) გადაუხდელი ჯარიმა – 787 საქმე, 157 400 ლარი; ბ) გადაუხდელი ჯარიმა + საურავი – 417 საქმე, 250 200 ლარი; გ) აღსასრულებლად გადაცემული და ჯერ არ აღსრულებული – 834 საქმე, 500 400 ლარი; დ) გასაჩივრებულია 722 საქმე, 218 600 ლარი.
აღნიშნული მონაცემები აჩვენებს, რომ ჯამურად საუბარია ათასობით ადმინისტრაციულ საქმეზე, რომელთა ჯამური ვალდებულება 8 მილიონ ლარამდეა. ეს ფაქტობრივი მოცემულობა ამყარებს არგუმენტს, რომ ერთჯერადი სამართლებრივი შეღავათი მიზანშეწონილია როგორც სოციალურ-ეკონომიკური, ისე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი თვალსაზრისით”, – ნათქვამია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.
