ჯავახეთის ეროვნულ პარკში რეინჯერმა გაგიკა მიკოსიანმა ვარდისფერი ფლამინგო იპოვა და დახმარება გაუწია. ინფორმაციას საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. უწყების ცნობით, ფრინველთა ეს სახეობა ამ ტერიტორიაზე არ ბინადრობს, სავარაუდოდ ის გადაფრენისას, ჯგუფს ჩამორჩა.
ეს ჯავახეთის ეროვნულ პარკში ფლამინგოს გამოჩენის პირველი შემთხვევა არ არის, ამ სახეობის წარმომადგენელი 2016 წელსაც შენიშნეს. პარკი ჯავახეთის ზეგანზე ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში მდებარეობს. აქ გადის ფრინველთა მიგრაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დერეფანი. ჯავახეთში წლის სხვადასხვა დროს, 140 სახეობის მობუდარ და გადამფრენ ფრინველთა ნახვაა შესაძლებელი.
ფლამინგოები ევროპაში, აზიაში, აფრიკაში, ცენტრალურსა და სამხრეთ ამერიკაში არიან გავრცელებული, მათ გრძელი წვრილი ფეხები და მოქნილი კისერი აქვთ.