12 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია “ომიკრონის” 951 შემთხვევა.
რა სცენარით განვითარდება ეპიდვითარება ქვეყანაში – ჯანდაცვის სპეციალისტები ამბობენ, რომ პროგნოზების გაკეთება ნაადრევია, თუმცა ისინი პიკს უახლოეს პერიოდში ვარაუდობენ.
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი “რუსთავი 2-თან” აცხადებს, რომ ნაადრევია კორონავირუსის როგორც მარტივ, ძალიან მსუბუქ ინფექციად განხილვა და მას ჯერ კიდევ შეუძლია, მოკლას და ჰოსპიტალში მოახვედროს ადამიანები.
კულუმბეგოვის თქმით, მსოფლიოს ქვეყნების უდიდესი ნაწილი თანხმდება, რომ ეს ჯერ არ არის ენდემური ფაზის ვირუსი და ამას შეიძლება რამდენიმე თვე დასჭირდეს:
“რომ განვიხილოთ, რომ ეს ინფექცია გამარტივდა, ძალიან მსუბუქია და პანდემიური ძალა დაკარგული აქვს – ეს ჯერ ძალიან ნაადრევი გადაწყვეტილებებია. მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების უდიდესი ნაწილი თანხმდება, რომ არ არის ჯერ ენდემური ფაზის ვირუსი და ამას შეიძლება რამდენიმე თვე დასჭირდეს.
ჯერ კიდევ შეუძლია ამ ვირუსს მოკლას და ისევ ჰოსპიტალში მოახვედროს ადამიანები, ამიტომ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არის ვერაგი ვირუსი.
მიუხედავად იმისა, რომ მისი ძალა შესუსტებულია, ის, ასე ვთქვათ, გრიპთან ახლოს არის, მაგრამ გრიპი არის რესპირაციულ დაავადებებს შორის, კოვიდთან ერთად, ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევა მსოფლიო ჯანდაცვისთვის, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში და ცივ პერიოდში.
ამიტომ, კიდევ ერთხელ, ვისაც ეკუთვნის – ვაქცინა უნდა გაიკეთოს, ვისაც ესაჭიროება და შეესაბამება შესაბამისი დრო 3 თვე და მეტი ბოლო დოზიდან, ბუსტერი უნდა დაიმატოს, პირბადე ყველამ უნდა ატაროს”, – აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.