LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯგუფური ყაჩაღობის ბრალდებით შსს-მ თბილისში ორი პირი დააკავა

79
FORTUNA.GE- (5)

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჯგუფური ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ორი პირი დანაშაულის ჩადენის ადგილზე, თბილისში დააკავეს.

შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ გლუვლულიანი სანადირო თოფითა და ცივი იარაღით შეიარაღებულმა ბრალდებულებმა, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით, ჩიტაიას ქუჩაზე მდებარე მაღაზია “სპარის” მოლარეებს თანხა მოსთხოვეს, ხოლო ერთ-ერთმა ბრალდებულმა მაღაზიაში შესვლისთანავე იარაღიდან უმისამართოდ გაისროლა.

მათ მაღაზიის მოლარეს 300 ლარამდე თანხა წაართვეს და მიმალვას შეეცადნენ, ამ დროს კი ისინი მაღაზიის შესასვლელთან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა დააკავა.

სამართალდამცველებმა, ნივთმტკიცების სახით, დანაშაულის ჩადენის იარაღები – გლუვლულიანი სანადირო თოფი და დანა ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვას გულისხმობს.

დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.