აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, ჯონ ბოლტონის შესახებ ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს მან საქართველოში ვიზიტისას შეშფოთება გამოხატა საქართველოს მიერ შეძენილ თავდაცვით შეიარაღებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
საელჩოს შეფასებით, საეჭვო კერძო ბლოგიდან დეზინფორმაციის გავრცელება კლასიკური მცდელობაა, ჩრდილი მიაყენონ საქართველო-ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობას.
„დღეს დილიდან, ანონიმური წყაროს მიერ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოსდა ჯონ ბოლტონმა საქართველოში ვიზიტისას შეშფოთება გამოხატა საქართველოს მიერ შეძენილ თავდაცვით შეიარაღებასთან დაკავშირებით. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს არის აბსოლუტურად ცრუ და ყალბი ინფორმაცია. საეჭვო კერძო ბლოგიდან დეზინფორმაციის გავრცელება კლასიკური მცდელობაა, ჩრდილი მიაყენონ საქართველო – ამერიკის სტარტეგიულ პარტნიორობას, რომელიც ბოლო წლებში განსაკუთრებულად უაღრესად პოზიტიურად ვითარდება და ორმხრივი ურთიერთობების ყველაზე მაღალ ნიშნულზეა. ელჩი ბოლტონის ვიზიტი საქართველოში იყო უაღრესად წარმატებული და ამ ვიზიტის კვალდაკვალ ჩვენი ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობა ახალ მასშტაბებს შეიძენს, მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის კუთხით,” – ნათქვამია აშშ-ში საქართველოს საელჩოს განცხადებაში.