LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჯორჯიან მანგანეზი“ თანახმაა, მუშაობა ძველი სამუშაო გრაფიკით განაახლოს და ეტაპობრივად გაზარდოს ხელფასები” – განცხადება

172
BeFunky-collage - 2023-06-19T014419.914

„ჯორჯიან მანგანეზი“ თანახმაა, მუშაობა ძველი სამუშაო გრაფიკით განაახლოს და ეტაპობრივად გაზარდოს ხელფასები, – აღნიშნულის შესახებ კომპანია განცხადებას ავრცელებს.

იხილეთ ტექსტი სრულად:

„ჯორჯიან მანგანეზი, თანახმაა დასაქმებულთა მოთხოვნის შესაბამისად მუშაობა ძველი სამუშაო გრაფიკით განაახლოს.

18 ივნისს, კომპანიის მენეჯმენტის, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერისა და მედიატორის მონაწილეობით მორიგი მოლაპარაკება გაიმართა.

დასაქმებულთა მოთხოვნის გათვალისწინებით კომპანიამ მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება:
– 2023 წლის პირველ თებერვლამდე არსებულ ძველ სამუშაო პირობებზე დაბრუნება – 12 საათიანი სამუშაო გრაფიკით
– პირველ ეტაპზე ხელფასი გაიზრდება 5%-ით. კომპანია ასევე მზადაა მომგებიანობის ზრდასთან ერთად, ეტაპობრივად გაზარდოს თანამშრომელთა ხელფასებიც.
– კომპანიაში აუდიტის ჩატარება

კომპანია მზადაა, პარალელურად შეიქმნას ერთობლივი სამუშაო კომისია. კომისიაში ჩაერთვება ყველა მხარე – დასაქმებულები, დამსაქმებელი კომპანია, აუდიტორი, მედიატორი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის სამსახური, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში და პროფკავშირები.

კომისია შეისწავლის თანამშრომელთა მოთხოვნებს, მათ პრობლემებისა და წარმოშობის მიზეზებს, იმსჯელებს მდგომარეობის გამოსწორების გზებზე, ადგილზე გაეცნობა დასაქმებულთა შრომის პირობებსა და მათ შესაბამისობას დადგენილ ნორმებთან.

ასევე კომისია შეისწავლის სამუშაო პროცესის ორგანიზების ძველ მეთოდსა და კომპანიის მხრიდან მოთხოვნილი ახალი სამუშაო პროცესის საჭიროებისა და ეკონომიკური მიზანშეწონილობის აუცილებლობას.

პროფკავშირების მოთხოვნით, კომპანია აცხადებს მზაობას, ამ პერიოდის განმავლობაში წარმოადგინოს დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა საწარმოს გასული 2 წლისა და მიმდინარე წლის ფინანსური მდგომარეობის შესახებ.

ასევე, კომპანია მზად არის დამოუკიდებელმა აუდიტორმა შეაფასოს ჭიათურის მადნის კონცენტრატის საპროგნოზო, საგეგმო თვითღირებულება.

აქედან გამომდინარე, კომისია იმსჯელებს შრომითი და ფინანსური კრიზისის დაძლევისა და გამოსწორების შესაძლო გზებზე, რათა თანაბრად იყოს დაცული დასაქმებულთა და დამსაქმებლის ინტერესები.

ამ ეტაპისთვის კომპანიაში დამატებითი ფინანსური რესურსის მოძიება შეუძლებელია. ჯორჯიან მანგანეზში დღეს არსებული კრიზისი გამოწვეულია მადნის ფასის მნიშვნელოვნად გაუფასურებით. კომპანია ასეთ რეჟიმში უკვე რამდენიმე წელია მუშაობს და მნიშვნელოვან ფინანსურ ზარალს განიცდის.

კომპანიას მიაჩნია, რომ შექმნილ ვითარებაში გამოსავალია წარმოების დროულად განახლება. ჯორჯიან მანგანეზი მოუწოდებს თანამშრომლებს კონსტრუქციული დიალოგისა და შეთანხმებისკენ”, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ პროტესტის ნიშნად ერთმა მაღაროელმა პირი, ხოლო მეორემ კი თვალები ამოიკერა.

ცნობისთვის, ჭიათურაში მაღაროელთა აქცია 6 მაისიდან  მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებს ქალაქის მერიის შენობასთან კარავი აქვთ გაშლილი. ამასთან, უკვე მე-5 10 მაღაროელი შიმშილობს. აქციის მონაწილეები 14 საკითხის მოგვარებას ითხოვენ.

სხვა საკითხებთან ერთად მათი მთავარი მოთხოვნა კომპანია „ჯორჯიან მანგანეზთან“ ძველი სამუშაო გრაფიკის დაბრუნება და ღირსეული ანაზღაურებაა.

უკვე მე-4 დღეა ჭიათურაში ჯორჯიან მანგანეზის თანამშრომლები გაფიცულები არიან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g