ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის დროს დაღუპულ ხუთ ბავშვს დღეს დაკრძალავენ.
დაღუპული ბავშვების ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ეკლესიის მეთაურმა, ბესარიონ აპლიამ.
საქართველოში გლოვის დღეა – სოფელ საბერიოში ხანძრის დროს დაღუპულ ხუთ ბავშვს დღეს დაკრძალავენ
კადრებს საბერიოდან „გალ მედია“ აქვეყნებს.
Абхазская православная церковь молится о погибших в пожаре в селе Аберкыт детях
Posted by ГалМедиа on ოთხშაბათი, 08 იანვარი, 2025
დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად საქართველოს მთავრობამ 9 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა.
გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიაზე, ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა. მათ შორის, სახელმწიფო დროშები დაეშვა პარლამენტის შენობაზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაზე, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებსა და თავდაცვის უწყების შენობებსა და სამხედრო ქვედანაყოფებში.
მომხდარი ტრაგედიის გამო, ოკუპირებულ აფხაზეთში გლოვის დღე 6 იანვარს იყო გამოცხადებული.
ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში, ჭოლარიების სახლში ტრაგედიის დროს, 5 იანვრის დილას, მხოლოდ ბებია და მასთან ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან საახალწლოდ ჩაყვანილი ხუთი შვილიშვილი იმყოფებოდნენ.
არსებული ინფორმაციით, სახლში ხანძარი შეშის ღუმლის ანთების მცდელობას მოჰყვა. როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, ქალს, სავარაუდოდ, ნავთი ბენზინში აერია და შეშის ღუმელში ბენზინი ჩაასხა. არასრულწლოვანების გადარჩენა ვერ მოხერხდა. რაც შეეხება დაშავებულ ქალს, დაღუპული ბავშვების ბებიას მესამე და მეორე ხარისხის დამწვრობა აქვს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის, თუმცა სტაბილურია.