„2 დეკემბერს ვერაზე მოხდა ინციდენტი. „ქართული ოცნების“ სტაჟიანმა პროვოკატორმა, ალი ბაბაევმ მთელი ოპერაცია დაგეგმა“, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომელმაც ალი ბაბაევის წინააღმდეგ, 2 დეკემბერს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, პოლიციაში სარჩელი წარადგინა.
როგორც ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, ის ალი ბაბაევს განზრახ მკვლელობის მცდელობის გამო უჩივის, თუმცა იმედი არ აქვს, რომ საგამოძიებო უწყება რაიმეს გამოიძიებს.
ალეკო ელისაშვილი: „ვინ ოხერია ეს ალი ბაბაევი? მას რომ შემოვცხე, რადგან რამდენჯერმე შემაგინა – ამის გამო თურმე პოლიტიკურად ვდევნი მას… ალი ბაბაევია თურმე პოლიტიკოსი და გახარია არაა პოლიტიკოსი – აბსურდია… ჩემი დაჭერა თუ უნდათ, დამიჭირონ, არ მეშინია, აგერ ვარ”
ელისაშვილის განცხადებით, მომდევნო სხდომა 6 თებერვალს ჩაინიშნა.
„2 დეკემბერს ვერაზე მოხდა ინციდენტი. „ქართული ოცნების“ სტაჟიანმა პროვოკატორმა, ალი ბაბაევმ მთელი ოპერაცია დაგეგმა. შემაგინა, რაზეც რეაქცია მქონდა. 2 დღის შემდეგ კი სპეცრაზმმა ცემა-ტყეპით დამაკავა და 12 დღე ციხეში გამატარებინა. შემდეგ მიუხედავად იმისა, რომ 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა მქონდა მისჯილი, გირაოს სანაცვლოდ გამათავისუფლეს, მაგრამ სისხლის სამართლის საქმე – დევნა პოლიტიკური ნიშნით – ჩემს წინააღმდეგ არ შეწყვეტილა. თითქოს პოლიტიკური მოღვაწე ალი ბაბაევი არსებობს. კადრებში ჩანს, ჩხუბის შემდეგ ალი ბაბაევმა კეტი წაართვა ვიღაცას და მომიქნია, ის, რომ მომხვედროდა გადამიხლეჩდა თავს, თუმცა ამაზე ყურს არავინ არ იბერტყავს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ალი ბაბაევი: „ელისაშვილმა სამჯერ ან ოთხჯერ დამარტყა, წიხლი რომ დამარტყა, თავი და წელი პანდუსს დავარტყი – ეს არის პოლიტიკური შეურაცხყოფა, როგორც ფიზიკურად, ისე სიტყვიერად“
„მასთან არავითარი ფინანსური, ან კონფლიქტი, გარჩევა არ მქონია. ერთადერთი ეს არის პოლიტიკური შეურაცხყოფა, როგორც ფიზიკურად, ისე სიტყვიერად“.
ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ალეკო ელისაშვილის დაკავებაზე შსს განცხადებას ავრცელებს
შემთხვევა 2 დეკემბერს მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით, ალეკო ელისაშვილმა თბილისში, კოსტავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარეს და პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, ალი ბაბაევს პოლიტიკური ნიშნით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
ამასთან, როგორც ცნობილია, ალეკო ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 4000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ პროკურატურის შუამდგომლობის შემდეგ შეეცვალა.