26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზების სამოქმედო გეგმას, რომლის თანახმადაც, ღონისძიებები ალექსანდრეს ბაღის, ორბელიანის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება, თბილისის მერი, კახა კალაძე ეხმაურება.
როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, ხელისუფლებას მეტი პასუხისმგებლობა აქვს, ვიდრე ოპოზიციას.
„რა არის ამაში ცუდი? ორბელიანი ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია, რეაბილიტირებული, გალამაზებული, ახალი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით, შესანიშნავი ადგილია, რა არის ამაში ცუდი? ხომ შეიძლება შეიცვალოს [ლოკაცია]? მაგალითისთვის ვამბობ, ჩვენ ნაძვის ხე გვქონდა რესპუბლიკის მოედანზე. შეიძლება ეგეც იყოს, რომ არ მოხდეს ადამიანების დაპირისპირება. ხელისუფლება ვართ და რა თქმა უნდა, მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს, ვიდრე რადიკალებს“, – თქვა კახა კალაძემ.
ცნობისათვის, მთავრობამ 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზების სამოქმედო გეგმა უკვე დაამტკიცა. მთავრობის განკარგულებითვე, 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ფიცის დადების ცერემონია თბილისში, თავისუფლების მოედანსა და 5 მუნიციპალიტეტში გაიმართება.