თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად, მუხიანის დასახლებაში მცხოვრებ ამომრჩეველს შეხვდა და სამომავლო გეგმები გააცნო.
კალაძის განცხადებით, ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც აქვს რეალური ხედვა, მკაფიოდ გაწერილი საარჩევნო პროგრამა და გამოწვევებთან გამკლავების უნარი, პარტია „ქართული ოცნებაა“.
„ეს არ არის ლამაზი სიტყვები და ლამაზად დაწერილი ტექსტი. ეს არის კონკრეტული საქმეები, რაც ზურგს მიმაგრებს და კონკრეტული პროექტები, რომლებსაც კახა კალაძე თავის თანაგუნდელებთან ერთად აუცილებლად გააკეთებს თქვენი მხარდაჭერით. ერთადერთი გუნდი ვართ, ვისაც რეალურად აქვს სრული გეგმა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი წარმოუდგენია თბილისი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, რა პროექტები უნდა განხორციელდეს დეტალურად რაიონების მიხედვით, უბნებისა და ქუჩების მიხედვით. ჩვენი სიძლიერე ასევე მდგომარეობს იმაში, რომ ვიცით, როგორ გავაკეთოთ ეს ყველაფერი. თქვენ ძალიან კარგად ხედავთ არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას და მდგომარეობას. სამწუხაროდ, დღეს არსებობენ ძალები, რომლებსაც აქვთ სურვილი, ქვეყანაში შემოიტანონ დესტაბილიზაცია და არეულობა, დაუპირისპირდნენ ყველაფერ ძვირფასს, რაც ჩვენთვის ღირებულია, მაგრამ არავის მივცემთ ამის საშუალებას. თქვენი მხარდაჭერა, თქვენი ჩართულობა დამატებითი სტიმულია, რომ ვიშრომო 24-საათიან რეჟიმში. ახალგაზრდა კაცი ვარ, არ მეზარება შრომა, რადგან რასაც ვაკეთებ, ვაკეთებ ჩემი ქალაქისთვის და ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანებისთვის“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერობის კანდიდატმა მუხიანის დასახლების მოსახლეობას კონსტანტინე ზარნაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
„დედაქალაქის საკრებულოში წარმოდგენილი უნდა ვიყოთ უმრავლესობით, იმისთვის, რომ შევძლოთ სწრაფი გადაწყვეტილების მიღება, მასშტაბური პროექტების განხორციელება. რა თქმა უნდა, თქვენ უნდა გყავდეთ ღირსეული წარმომადგენელი საკრებულოში კოტე ზარნაძის სახით, რომელიც არის ახალგაზრდა, უპატიოსნესი ადამიანი“, – განაცხადა კახა კალაძემ.