LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე ვანდალიზმის მორიგ შემთხვევაზე: „მოგიწოდებთ როცა შეამჩნევთ ასეთ ფაქტს, მიმართეთ პოლიციას, ნურავის გააპარტახებინებთ ქალაქს“

188
fot

თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისში ვანდალიზმის შემთხვევას გამოეხმაურა, რა დროსაც მეტეხის ხიდის მიმდებარედ, მარჯვენა სანაპიროზე არსებულ ცოცხალ კედელზე, ძირში გადაჭრეს ათეულობით სურო.

„სამწუხაროა, რომ კვლავ ამ თემაზე უნდა ვისაუბრო, მაგრამ რაც უფრო მეტს ვლაპარაკობთ გამწვანების მნიშვნელობაზე, რაც უფრო მეტ პროექტს ვახორციელებთ, უფრო და უფრო ხშირად ვაწყდებით ვანდალიზმის ფაქტებს. უმძიმესია ჩვენი თანამშრომლებისთვის იმის ხილვა, როგორ ანადგურებენ იმ სიკეთეებს, რაშიც გადახდილია ბიუჯეტის ფული და რაც მთავარია, მუნიციპალიტეტის თანამშრომლების დიდი შრომაა ჩადებული.

კიდევ ერთი მსგავსი ფაქტის მოწმენი გავხდით მეტეხის ხიდის მიმდებარედ, მარჯვენა სანაპიროზე, სადაც ძირში გადაჭრეს ათეულობით სურო, რომელიც ალამაზებდა პანდუსის კედელს.

ქალაქში, სადაც დაახლოებით 600 ათასი ავტომანქანა მოძრაობს, სადაც მოსახლეობის ერთ-ერთი მოთხოვნა უკავშირდება მწვანე სივრცეების მოწყობას, სადაც თითოეულ ნარგავს, თითოეულ ბუჩქს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, სადაც თითოეული გამხმარი ხის მოჭრის შემთხვევაში ამის განმარტება გვიწევს მოსახლეობისთვის, რადგან მათთვის ეს მნიშვნელოვანია, თითქმის ყოველდღიურად ვეჩეხებით სწორედ ამ გამწვანების დაზიანებას ისევ და ისევ მოსახლეობისგან.

მეგობრებო, ვინაიდან ვანდალებზე არ ჭრის არც მოწოდება, არც თხოვნა, მოგიწოდებთ თქვენც, როცა შეამჩნევთ ასეთ ფაქტს, მიმართეთ პოლიციას. ნურავის გააპარტახებინებთ ქალაქს, რომელიც ისედაც მრავალი წლის განმავლობაში პარტახდებოდა და იცლებოდა მწვანე სივრცეებისგან. მოქალაქეების აქტიურობის, სიფრთხილის გარეშე ეს პრობლემა რთული გადასაჭრელი იქნება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g