„გახარია საქართველოსა“ და „ძლიერი საქართველოს” თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი გიორგი შარაშიძე აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ” მისი პარტიის „პროგრამა დააკოპირა”.
კერძოდ, საუბარია ტრამვაის ხაზის პროექტზე, რომლის შესახებაც დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
შარაშიძის თქმით, 2024 წელს მეტროსადგურების გაფართოების პროექტზე გახარიას პარტიის წინასაარჩევნო დაპირება “ქართული ოცნების” მხრიდან აბსურდულად შეფასდა, ამ ფონზე შარაშიძე მიმართავს თბილისის მერს და “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატს, კახა კალაძეს: „ასეთი არასერიოზული, აბსურდული და ტყუილი დაპირებებით აპირებ თბილისელების ნდობის მოპოვებას?”.
„შემდეგი გაჩერება – დიდი დიღომი! ყველას ახსოვს თბილისის მეტროს 15 ახალი მეტროსადგურით გაფართოების პროექტი ჩვენი გუნდის წინასაარჩევნო პროგრამიდან!
ოცნებაში ბევრი იფიქრეს და ახალი რომ ვერაფერი მოიფიქრეს, პირდაპირ ჩვენი პროგრამა დააკოპირეს მცირედი ცვლილებით – ტრამვაის დავპირდებით თუ მეტროს, რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია დიდი დიღმის მოსახლეობამ არ დაიჯეროს, გახარიას გუნდი რომ მეტროს მშენებლობას აპირებსო.
არადა, „ოცნებამ” ჩვენი გუნდის მიერ შემუშავებულ თბილისის მეტროს ქსელის გაფართოების პროექტს აბსურდული და არასერიოზული უწოდა.
კალაძის ტყუილი უკვე აღარავის უკვირს, იმდენი შეუსრულებელი წინასაარჩევნო დაპირებაა მის ანგარიშზე, მაგრამ დიდი ბოდიში და ვარკეთილის მეტროს ჭერი რომ ვერ შეგიკეთებია 8 წელია, რა ტრამვაის ჰპირდები ხალხს? ვიღას სჯერა შენი?
აქვე შეგახსენებთ ოცნების ოფიციალური პირების კომენტარებს პარტია “გახარია საქართველოსთვის” 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების პროგრამაზე, სადაც თბილისის მეტროს ახალი სადგურებით და მათ შორის დიდი დიღმის ხაზით გაფართოებაზე იყო საუბარი.
ირაკლი ქარსელაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – „15 მეტროსადგურის მშენებლობა, ეს ქსელის გაყვანას ნიშნავს, რაც ბევრად ძვირი მშენებლობაა, ვიდრე საგზაო მშენებლობა”.
ვიქტორ წილოსანი, თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი – „სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, გახარიას პარტიის მიერ დაანონსებული 15 მეტროსადგურის მშენებლობა არის აბსურდი და ტყუილი დაპირება”.
კახა, აბა კარგად დაფიქრდი – თუ ჩვენი დაპირება არასერიოზული, აბსურდი და ტყუილი იყო, დღეს, როცა ყველაფრის ფასად ცდილობ თბილისში ხელისუფლების შენარჩუნებას, ასეთი არასერიოზული, აბსურდული და ტყუილი დაპირებებით აპირებ თბილისელების ნდობის მოპოვებას? ხომ არ სჯობს აღიარო, რომ ჩვენი პროგრამა მოიპარე?“, – წერს შარაშიძე.