პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახურის ამოქმედებას თბილისის მერი, კახა კალაძე ეხმაურება.
როგორც აღნიშნულ საკითხზე საუბრის დროს კახა კალაძემ თქვა, „არავის მისცემენ იმის უფლებას და შესაძლებლობას, რომ გარედან ჩარევებით, დაფინანსებით ქვეყანაში დაპირისპირება, სახელმწიფო გადატრიალება და რევოლუცია მოაწყონ“.
„გულდასაწყვეტია. პოლონეთი ჩვენი მეგობარი ქვეყანაა. კიდევ უფრო გასაკვირი იყო ის, რომ ეს ყველაფერი ბიუჯეტიდან ფინანსდება. საქართველო, რომელიც არის პოლონეთის მეგობარი ქვეყანა, ინტერესი გამოიჩინეს და შემჩნეულები არიან მტრულ საქმიანობაში. პირდაპირ შეტევა მიდის ქართულ ეკლესიაზე. გულდასაწყვეტია ეს ყველაფერი. ალბათ, მოვისმენთ განმარტებას და გადადგამენ შესაბამის ნაბიჯს იმისკენ, რომ ეს ყველაფერი დარეგულირდეს. ზოგადად, მინდა გითხრათ, რომ ის ყველაფერი, რაც საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში ვხედავდით, იყო თავსმოხვეული. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, გარე აქტორების ჩართულობით, დაფინანსებით, მხარდაჭერით კეთდებოდა. ქართველი ხალხის ერთმანეთთან დაპირისპირება, პოლარიზაციის, შუღლის გაღვივება. ყველაფერი, თუკი რაიმე სიბინძურესთან იყო დაკავშირებული, გარედან თავსმოხვეული და პირდაპირ დაფინანსებული იყო უცხოური ფონდების ან სახელმწიფოების მხრიდან. არაერი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ, თუნდაც სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობები, რევოლუციების მცდელობები და ა.შ. ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი. ჩვენ ყველაფერს ვხედავთ, ვაკვირდებით, შესაბამისი სამსახურები მოწოდების სიმაღლეზე არიან. არავის მივცემთ იმის უფლებას და შესაძლებლობას, რომ გარედან ჩარევებით, დაფინანსებით ქვეყანაში დაპირისპირება, სახელმწიფო გადატრიალება და რევოლუცია მოაწყონ“, – თქვა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მუშაობა დაიწყო პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ქართულენოვანმა საინფორმაციო სამსახურმა.
„პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის, TVP-ის ახალი, ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური VT Sakartvelo News უკვე პირდაპირ ეთერშია“, – დაწერა პოლონეთის საგარეო უწყებამ სოციალურ პლატფორმა X-ზე. პოლონეთის საგარეო უწყების ცნობითვე, „პროგრამა სანდო რეპორტაჟებისა და ევროპული პერსპექტივის გადაცემას უზრუნველყოფს“.
