LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა მამულაშვილი: „ვაღიარებ, რომ „ფერადი დღეების“ გაჰიტებას არ ველოდი… მართლა შოკირებული ვიყავი „ტიკ-ტოკის“ ვიდეოებით…“

823
მამულიჩა-&-ლელა

კახა მამულაშვილმა და ლელა წურწუმიამ დუბაიში დაისვენეს რამდენიმე დღით. როგორც მამულიჩა გვიყვება, პასიურ დასვენებას მიანიჭეს უპირატესობა და ახლა ენერგიით სავსენი დაუბრუნდნენ საქართველოს, სადაც არაერთი კონცერტი ელოდებათ – ყველაფერი, რა თქმა უნდა, უკვე დაგეგმილია.

ახლახან გაჰიტდა ლელა წურწუმიას ახალი სიმღერა „ფერადი დღეები“, რომელიც დიდი ხნის მეგობარმა, რუსა მორჩილაძემ დაუწერა.

მამულიჩამ fortuna.ge-სთან საუბრისას აღიარა, რომ „ფერადი დღეების“ ასე გაჰიტებას არ ელოდა…

როგორ ჩაიარა თქვენმა დასვენებამ დუბაიში?

კახა მამულაშვილი: 

მეგობრებთან ერთად ვიყავით მე და ლელა სამი-ოთხი დღით. დავისვენეთ პასიურად, რადგან დაღლილები ვიყავით. ჩვენთან ერთად იყო დათო ტურაშვილი მეუღლესთან ერთად. სასტუმროში ვიყავით, თავისი აუზით. წყნარად გავატარეთ სამი დღე-ღამე, ძალიან ვისიამოვნე.

როდესაც დასასვენებლად სასტუმროს არჩევ, რას აქცევ ხოლმე ყურადღებას?

იმას, რომ ახლოს მაღაზია არ იყოს (იცინის). არ მიყვარს მაღაზიები.

რატომ? ლელა ხშირად დაგატარებს შოპინგზე?

ერთადერთი – ამ საკითხზე ვერ ვთანხმდებით.  ლელას უყვარს სიარული და თვალიერება, მე – არა. ეს ცხოვრების ბოლომდე ჩემი ტკივილი იქნება (იცინის). ვხუმრობ, დუბაი მოლში ვიყავით გასულები, მაგრამ ერთხელ. ძირითადად, უფრო დავისვენეთ, სხვადასხვანაირ რესტორნებში გვპატიჟებდა ჩემი მეგობარი.

ახლა, როცა საქართველოს დაუბრუნდით, როგორი გეგმები გაქვთ?

უკვე ყველაფერი გაწერილი მაქვს წლის ბოლომდე. მიყვარს საგიჟეთი. 22 აპრილიდან ვიწყებთ კონცერტებს „ნონ სტოპთან“ ერთად. ზაფხულში ძირითადი ბაზა ბათუმში გვექნება, ივლისი-აგვისტოში იქით ვიქნებით.

ლელა თანახმაა ასეთ დატვირთულ გრაფიკზე?

წინა სეზონზე ძალიან დიდი მოთხოვნა იყო ლელას კონცერტებზე, ახლა კიდევ უფრო მეტი შემართებით და ენერგიულად არის. სხვადასხვანაირად გადავანაწილებთ ძალებს.

ლელას ახალი სიმღერა, რომელიც რუსა მორჩილაძემ დაუწერა, რეკორდულ დროში გაჰიტდა. გვითხარი, თუ ელოდებოდით ასეთ სწრაფ შედეგს?

უნდა ვაღიარო, რომ არც „ღამის სიჩუმის“ გაჰიტებას ველოდებოდი და ჩვეულებრივი სიმღერა მეგონა და არც „ფერადი დღეების“. „ღამის სიჩუმეს“ 10 წელი დასჭირდა, რომ გაჰიტებულიყო. ყველამ იცის, რომ ამ სიმღერას კონცერტებზეც არ ვასრულებდით, მაგრამ რუსკა მაყაშვილმა იცეკვა ერთხელ და შემდეგ ვირუსულად გავრცელდა, ხალხმა აიტაცა. ახლა, რუსას სიმღერას რომ ვაკეთებდით ბორიკოსთან, ერთი წამი გავიფიქრე, ეს ფრაზა: „მოხვალ და ყველაფერს ამიხსნი“ ხალხმა რომ აიტაცოს-მეთქი… მაგრამ არც მითქვამს. სიმღერის პრემიერის შემდეგ სამ დღეში რუსა მორჩილაძემ დაიწყო „ტიკ-ტოკების“ ვიდეოების გამოგზავნა. უამრავი ჩანაწერი იყო ამ სიმღერაზე გაკეთებული. მართლა შოკირებული ვიყავი. ახლა შევასრულეთ რუსას საღამოზე პირველად და მთელი დარბაზი მღეროდა. ეს ჩვენთვის ძალიან სასიხარულო ამბავია. მივხვდი, რომ ეს წლის ჰიტი იქნება.

კიდევ იქნება ახალი სიმღერები?

ვაკეთებთ რუსას კიდევ ერთ, ასევე ლილიკო ნემსაძის ერთ და მაიკო კაჭკაჭიშვილის ორ სიმღერას. ნელ-ნელა მსმენელი ახალ სიმღერებს ეჩვევა. ძალიან პოპულარულია ლანა ლობილაძის მიერ დაწერილი „შენს ქალაქში“ და „უთხარი კი“. ვფიქრობ, ახალი სიმღერებიც მოიპოვებს პოპულარობას. მაისში მაიკოს ერთ სიმღერას უკვე შემოგთავაზებთ და ეტაპობრივად წარმოგიდგენთ დანარჩენ სიმღერებსაც. ასევე ახლახან გამოვიდა კლიპი ლელას ძველ სიმღერაზე „მონატრება“. დიდი ხანი მინდოდა ამ სიმღერის კლუბური ვერსია და ლელას დისშვილს ღამე გავათენებინე, რომ რემიქსი გაეკეთებინა (იცინის). ისეთი სიმღერაა, ღამე რომ უნდა მოუსმინო, არ არის ხმაურიანი. კლიპიც ნესტან სინჯიკაშვილის გადაღებულია, მინდოდა, ღამის კადრები აეღო, თუმცა შემომთავაზა, რომ ლელას კადრებიც ყოფილიყო და დავთანხმდი.

„მონოჰოლში“ 5 მაისს კონცერტი გაქვთ. „ფერად დღეებს“ იქაც იმღერებს ლელა მსმენელთან ერთად?

რა თქმა უნდა. „ფერადი დღეები“ აუცილებლად შესრულდება…

ინტერვიუ: ნინო მურღულია 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g