LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კახიძის მუსიკალურ ცენტრში გამართული ყოველი კონცერტი ჩემთვის ნამდვილად დიდი სიხარული და ზეიმია” – ეკა მამალაძე

125
Untitled design (9)

რიგით 30-ე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ გრძელდება.

ფესტივალის ფარგლებში, 21 ოქტომბერს მსმენელს საინტერესო საღამო ელის – კახიძის მუსიკალურ ცენტრში მსმენელს ელის საკონცერტო პროგრამა – „ქართული სიმღერები კინოფილმებიდან“.

თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, სცენაზე წარდგებიან ქართველი მომღერლები – ეკა, მამალაძე, ნეკა სებისკვერაძე, ნატო კახიძე, დავით ნოზაძე და გედევან ჯინჭარაძე, რომლებიც შეასრულებენ რევაზ ლაღიძის, არჩილ კერესელიძის, სულხან ცინცაძის, გოგი ცაბაძის, ბიძინა კვერნაძის, გია ყანჩელის, ჯანსუღ და ვატო კახიძეების სიმღერებს ქართული კინოფილმებიდან.

ორკესტრს ვახტანგ კახიძე უდირიჟორებს.

საკონცერტო პროგრამასა და პროექტის მნიშვნელობაზე მომღერალი ეკა მამალაძე „ფორტუნას“ ეთერში, თათა სადრაძის გადაცემაში „არტ-FM“ საუბრობს:

„კახიძის მუსიკალურ ცენტრში გამართული ყოველი კონცერტი ჩემთვის ნამდვილად დიდი სიხარული და ზეიმია. ველოდები და ჩართული ვარ, ასე ვიტყოდი, იქ ოჯახის წევრივით ვარ. ბავშვობიდან ასეთი პრივილეგია მერგო და ბედნიერი ვარ.

ხვალინდელი კონცერტი მეორდება – მიხარია, როდესაც ჯანო კახიძის სიმღერები და ვატო კახიძის ნაწარმოების შესრულება, საღამო კარგად ჩაივლის, მაგრამ როდესაც ხალხის მოთხოვნით არის, ვგრძნობთ, რომ სჭირდებათ, უნდათ და კითხულობენ – ხომ არ განმეორდება? ამას ვახერხებთ და ხვალინდელი საღამო არის გამეორება.

მიხარია, რომ ეს ტრადიციად იქცა, რომ წელიწადში ერთხელ, ყოველთვის – სრულდება ბატონი ჯანსუღ კახიძის სიმღერები კინოფილმებიდან, მთელი მისი მარგალიტები და სიმდიდრე.

მინდა გაგანდოთ, ვატო ძალიან თავმდაბალი ადამიანია, მკაცრი ჩანს, მაგრამ არ დაიჯეროთ, ძალიან მორიდებულია და ამბობს, „ხალხს არ ეგონოს, რადგან მამაჩემია და რადგან ეს ჩვენი დარბაზია, მე ამას ჩემი ინიციატივით ვაკეთებ“. სულ ვკამათობთ – ნუ გეშინია, ხალხს ეს კონცერტი ნამდვილად უნდა.

ჩვენ, ხელოვანები სხვანაირად ვართ მოწყობილი და სულ რაღაც ეჭვები გვაქვს – ნუთუ, ეს ასე იქნება, არ იქნება…

აგერ, დედაჩემი დაბერდა უკვე და მაინც ვერ წარმოუდგენია, ვერ იჯერებს იმ სიდიადეს… გუშინ, ნანი კონცერტზე გამოვიდა და მთელი დარბაზი ფეხზე წამოუდგა.

თვითონ ვერ იჯერებს, რომ ეს ბუნებრივია და ეს ასე უნდა იყოს, აი, ამაშია ალბათ ხიბლი ნამდვილი და კარგი ხელოვანების, რომლებიც, მიუხედავად მათი გამოცდილებისა, არ არიან გაყეყეჩებულები და ძალიან დარწმუნებულები…

ძალიან ბედნიერი ვარ, რომ კარგი მუსიკაა, კი არ ვიჩემებ, რომ ჩემია აქ კარგი, არა, ხარისხიანია, ყურს რომ უხარია.

ადამიანები მოწყენილები, დათრგუნულები არიან და ასეთი საღამოები თეატრებში, საკონცერტო დარბაზებში ძალიან დიდი გამოცოცხლებაა.

მე კი სულ ვმღერი, მაგრამ ზაფხულიდან მოყოლებული, მე ძალიან დაკავებული ვარ და ალბათ ჩემი კოლეგებიც, ასე მგონია, ასე არიან დაკავებულები, რაღაც ცოტა ამოძრავდა“, – განაცხადა ეკა მამალაძემ „ფორტუნას“ ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g