LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კამერები მკაფიოდ აჩვენებს, თუ როგორი თანმიმდევრული იყო მკვლელი“ – კაცს, რომელმაც ცოლი ავტობუსში შვილების თანდასწრებით მოკლა, შესაძლოა, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯონ

806
პოლიცია

კაცი, რომელმაც საკუთარი ცოლი ავტობუსში შვილების თანდასწრებით მოკლა, შესაძლოა, სამუდამო პატიმრობაში გაუშვან. გახმაურებულ საქმეზე მსჯელობა მეორე ინსტანციის სასამართლომ დღეიდან დაიწყო.

გარდაცვლილი ქალის ადვოკატი „ტვ პირელთან“ იმ კონკრეტულ მტკიცებულებებთან დაკავშირებით საუბრობს, რომელიც მისი თქმით, ახალგაზრდა მამაკაცის დანაშაულს ადასტურებს.

ელისო რუხაძე დარწმუნებულია, რომ დანაშაულის ჩადენის პროცესში ბრალდებული აფექტის მდგომარეობაში არ იმყოფებოდა.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამეთვალყურეო კამერები მკაფიოდ აჩვენებს, თუ როგორი თანმიმდევრული იყო მკვლელი. როგორ განახორციელა მრავლობითი დაზიანება საჯარო ადგილას ხუთი ბავშვის თვალწინ.

ასევე, მოწმეები, რომლებიც კონკრეტულად მიუთითებენ დანაშაულის ჩადენის შემდეგ როგორ უსაბუთებდა ბატონი მებონია, თუ რატომ მოკლა ცოლი. აფექტის ჩადენის დროს ადამიანი ამას ვერ ახერხებს“. – განაცხადა ელისო რუხაძემ.

საქმის პროკურორი ლევან ჟორჟოლაძე კი დაკავებული მამაკაცის სასჯელის დამძიმებასა და უვადო თავისუფლების აღკვეთას ითხოვს.

სააპელაციო სასამართლოში დაცვის მხარის მოთხოვნა ძირითადად, დამყარებულია არგუმენტზე, რომ მსჯავრდადებული დანაშაულის ჩადენისას იყო შეურაცხადი, თუმცა თავად დაცვის მხარის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ის შეურაცხადი დანაშაულის ჩადენის დროს არ ყოფილა.

„იყო შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში, რაც არ გამორიცხავს მის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. ბრალდების მხარე ვითხოვთ, რომ მსჯავრდადებულს სასჯელი დაუმძიმდეს და უვადო თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს“. – განაცხადა ლევან ჟორჟოლაძემ.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 21 მაისს თბილისში, გურამიშვილის გამზირზე 30 წლამდე კაცმა, 27 წლის ქალი ხუთი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ მოკლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g