კანის კინოფესტივალის ოფიციალურ „ფეისბუქ“-გვერდზე გამოქვეყნდა ქართველი რეჟისორის, დეა კულუმბეგაშვილის და მსახიობის, ია სუხიტაშვილის ფოტოები.
პოსტში კანის კინოფესტივალი გამოთქვამს დიდ სიხარულს იმასთან დაკავშირებით, რომ 2020 წელს მათი ოფიციალური საკონკურსო პროგრამისთვის შერჩეული ფილმი „დასაწყისი“ სან სებასტიანის კინოფესტივალის ოთხი მთავარი პრიზის მფლობელი გახდა. პოსტში ჩამოთვლილია, კონკრეტულად რა პრიზები მოიპოვა ქართულმა ფილმმა სან სებასტიანის 68-ე კინოფესტივალზე, ეს არის ჯილდო საუკეთესო რეჟისორისთვის დეა კულუმბეგაშვილს, პრიზი საუკეთესო სცენარისთვის მასა და რატი ონელს, ჯილდო ია სუხიტაშვილს ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის და ასევე საღამოს მთავარი პრიზიც – საუკეთესო ფილმისთვის!..
კანის კინოფესტივალი დეა კულუმბეგაშვილს ფილმს „შთამბეჭდავს“ უწოდებს და ქართველ რეჟისორს ამ დიდ წარმატებას ულოცავს.