ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი დღეა იმ გაგებით, რომ ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში აღნიშნული ფუნდამენტური უფლების ზეიმი. კარგია, რომ ვიზეიმოთ შეკრების თავისუფლებას, რომელიც ფუნდამენტური უფლებაა ყველასთვის, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, დიეგო კოლასმა “თბილისი პრაიდის” კვირეულის ფარგლებში გამართულ პირველ ღონისძიებაზე დასწრების შემდეგ მედიასთან განაცხადა.
ელჩმა მოკლე კომენტარი გააკეთა „თბილისი პრაიდის“ ფარგლებში ნაჩვენები ქართველი რეჟისორის ელენე ნავერიანის ქვიარ ფილმზე “სველი ქვიშა”, რომელსაც მშვენიერი უწოდა და დასძინა, რომ „ფილმმა მედეგობა და თავისუფლება აჩვენა“.
კოლასმა ჟურნალისტის მიერ პოლიტიკურ დეპოლარიზაციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვასაც უპასუხა.
„ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ყველამ შეძლოს მთელი თავისი პოზიტიური ენერგიის მიმართვა დიდი გამოწვევების გარშემო. ჩემი აზრით, თუ მთელი ქართული საზოგადოება გაერთიანდება და კონცენტრირდება ამ გამოწვევების დაძლევაზე და ყველა თავის დადებით ენერგიას გააერთიანებს, კარგი იქნება“, – განაცხადა საფრანგეთის ელჩმა.
ცნობისთვის, „თბილისი პრაიდის“ მიერ გამართულ ღონისძიებას საფრანგეთის ელჩის გარდა, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი, ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, ისრაელის ელჩი რან გიდორი, ნიდერლანდების ელჩი მააიკე ვან კოლდამი, ნიდერლანდების ადამიანის უფლებათა ელჩი ბაჰია თაზიბლი, შვედეთის ელჩი ულრიკ თიდესტრომი, ესპანეთის სამეფოს საქმეთა რწმუნებული ხორხე ლუსინი სერანო და სხვა დიპლომატები დაესწრნენ.