”კავკასიის ავტოიმპორტი” საქართველოს მთავრობის კანონპროექტს მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვის შესახებ დადებითად აფასებს. ამის შესახებ ”ფორტუნას” ”კავკასიის ავტოიმპოტიდან” აცნობეს.
კომპანიაში აცხადებენ, რომ წარმოდგენილი კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებების ძალაში შესვლის შემთხვევაში, სრულად იქნება მიღწეული ის მიზნები, რა მიზნებითაც ეს კანონპროექტი შემუშავდა. ”მათ შორის, აღარ გაიზრდება და დროთა განმავლობაში შემცირდება მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რიცხვი, რომლებიც ჩვენს გზებზე უსაფრთხო მოძრაობის სერიოზულ მაკომპრომენტირებელ ფაქტორს წარმოადგენენ.
“დაბალფასიანი ავტომობილების მოწოდება დაბალბიუჯეტიანი ადგილობრივი მყიდველისთვის, ზემოაღნიშნული ცვლილებების ძალაში შესვლის შემდგომ, განხორციელდება, მათ შორის, ამერიკიდან, სადაც ასეთი ავტომობილების შეუზღუდავი არჩევანია. ამასთან, ამერიკიდან იმპორტირებულ ავტომობილებს მნიშვნელოვანი უპირატესობები გააჩნია, კერძოდ, ისინი მარცხენასაჭიანი (არ არის საჭის გადატანის ხარჯები და უსაფრთხოების რისკები); მინიმუმ EURO-4 სტანდარტი გამონაბოლქვზე; უკეთესი და მრავალფეროვანი კომპლექტაციის არჩევანი; ინგლისური ინტერფეისი; სტანდარტულ სიხშირეებზე მომუშავე რადიომიმღები;
ნაკლებ პრეტენზიულობა საწვავის ხარისხის მიმართ და დაბალი ოქტანობის (იაფი) საწვავი; რადიაქტიული დაბინძურების პრაქტიკულად არარსებული რისკი,
რომელიც ადგილობრივმა მომხმარებელმა პრაქტიკულად იგივე ფასად შეიძლება მიიღოს, რა ფასსაც იგი მარჯვენასაჭიანი ავტომობილის იმპორტის შემთხვევაში იხდიდა,”- ნათქვამია ”კავკასიის ავტოიმპორტის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რაც შეეხებათ ავტოდილერებს, რომლებიც იაპონიიდან ავტომობილების იმპორტზე სპეციალიზირდებიან, როგორც ”ფორტუნას” კომპანიაში განუცხადეს, ამ ავტოდილერებს შეეძლებათ თავიანთი ცოდნა და გამოცდილება წარმატებით გამოიყენონ სხვა ქვეყნებიდან ავტომობილების იმპორტის და რეალიზაციის საქმეში.