კელი დეგნანი – ვფიქრობ, საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა ამჯობინებდა, გაეგო, რომ რუსეთს გაჰყავს ძალები აფხაზეთიდან, ცხინვალიდან, ვიდრე ფრენების აღდგენაზე
ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები მოსკოვთან, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.
თუ ლარსზე შეიძლება მანქანებმა იარონ, რატომ არ შეიძლება თვითმფრინავმა იფრინოს – სარჯველაძე
„რამდენადაც საქართველოს ისტორიიდან გავიგე, ეს არის ქვეყანა, რომლისთვისაც მიცემულ პირობებს რუსეთი საუკუნეებია არღვევს, რუსეთი ცდილობს, საქართველოს წაართვას იდენტურობა, ენა, დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი. ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები. არ ვიცი, აქვთ თუ არა რუსეთში მცხოვრებ ქართველებს საქართველოში დაბრუნების პრობლემა, თუკი მათ ეს სურთ, მაგრამ დანამდვილებით ვიცით, რომ ძალიან ბევრი რუსი ჩამოდის საქართველოში“, – აღნიშნა აშშ-ის ელჩმა.
მან ასევე უპასუხა შეკითხვას, არსებობს თუ არა საშიშროება, რომ საქართველო გამოყენებულ იქნეს შავ ხვრელად რუსული სანქცირებული ტვირთის გადასაზიდად.
„ჩვენ ვმუშაობთ საქართველოს ხელისუფლებასთან, სასაზღვრო პოლიციასთან, საბაჟო სამსახურთან, რათა ხელი შევუწყოთ იმის უზრუნველყოფას, რომ საქართველოს ჰქონდეს შესაძლებლობა საერთაშორისო სანქციები დაიცვას. შესაძლებლობა საქართველოსთვის, იყოს შუა დერეფანი ცენტრალური აზიიდან ევროპისკენ მიმავალი ტვირთებისათვის არის უზარმაზარი შესაძლებლობა საქართველოსთვის, რომელსაც მხარს უჭერს შეერთებული შტატები. ჩვენ ველით საქართველოსთან პარტნიორობას იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამ შუა დერეფანში საქართველოს წვლილის მშენებლობაში, მას ასევე ჰქონდეს საერთაშორისო სანქციები დაცვის საშუალებაც“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.
ცნობისთვის, „ალტ-ინფომ“ პრესკონფერენციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს საქართველოსთან დაკავშირებით კითხვა დაუსვა. ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი მალე შეძლებს საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას.
ამავე თემაზე:
კალაძე: რუსეთი თუ პირდაპირი ფრენების გადაწყვეტილებას მიიღებს, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ