ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო ყველა წარდგენილ ბრალდებაში და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა – აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მიიღო.
გალუსტაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.
განაჩენის თანახმად, ჯაიანი დამნაშავედ იქნა ცნობილი, როგორც განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით ჩადენილ მკვლელობაში, ასევე გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სისტემატურ ცემაში.
კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმეზე სასამართლოში სხდომა მიმდინარეობს, პროცესს არ ესწრება ბრალდებული ბექა ჯაიანი, რომელსაც დღეს საბოლოო სიტყვა უნდა ეთქვა
შემდეგ სასამართლო პროცესზე მოსამართლე განაჩენს გამოაცხადებს.
განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია ბრალდებული ბექა ჯაიანი.
როგორც მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა აღნიშნა, ჯაიანმა წერილი გამოგზავნა, სადაც ბრალდებული მიუთითებდა, რომ ფსიქო-ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე ის სხდომაზე არ გამოცხადდა და ნანობს თავის საქციელს.
ჯაიანი ბრალს ნაწილობრივ აღიარებს, არ ეთანხმება არც განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით მკვლელობას და არც სისტემატურ ცემას.
„ბექა ჯაიანი კესარია აბრამიძეს უწოდებდა „ბუნების შეცდომას“, უმოწმებდა ტელეფონს, უკონტროლებდა ჩაცმის სტილს და თუ რამე არ მოსწონდა, სცემდა, ყელში ახრჩობდა, თმითაც უთრევია“ – პროკურორი მოწმის ჩვენებიდან
პროკურორმა, გრიგოლ ნიშნიანიძემ სასამართლოს სხდომათა დარბაზში დიდ მონიტორზე მტკიცებულებათა ნაწილი წარადგინა, მათ შორის, მკვლელობის იარაღი – დანა და შემთხვევის ადგილი.
ცნობისთვის, 37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 26 წლის ბექა ჯაიანი ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.
ჯაიანს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით და და 126-ე მუხლის პირველი სეკუნდა ნაწილებით წარედგინა,
რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სისტემატურ ცემს გულისხმობს.
აღნიშნული ქმედება 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.