სამეგრელო-ზემო სვანეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში ხანძრის კერებს ამ დრომდე ებრძვიან. დღის განმავლობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად, სოფელ კახათში დამწვარია საცხოვრებელი სახლი, თუმცა, არავინ დაშავებულა. ინფორმაციას რადიო “ათინათი” ავრცელებს.
ასევე, დაიწვა მოსახლეების ნაწილის თხილისა და მოცვის პლანტაციებიც. ძლიერი ქარის შედეგად დაზიანდა ელექტროგადამცემი ბოძები, რის გამოც დენის მიწოდება რამდენიმე საათით შეწყვეტილი იყო.
სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღის განმავლობაში ხანძრის 40 კერა იყო. ამ დროისთვის რჩება 19 აქტიური კერა, მათაგან 11 ლიკვიდირებულია, 8 ლოკაციაზე კი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. მეხანძრე-მაშველებს ხანძრის ქრობის სამუშაოებში ხელს ძლიერი ქარი უშლის.
მეხანძრე-მაშველების ადგილობრივ ჯგუფებს ეხმარება აჭარიდან, იმერეთიდან და გურიიდან გამოგზავნილი ცოცხალი ძალა და სპეციალური ტექნიკა.
ხანძრის გამომწვევ სავარაუდო მიზეზად დაუდევრობა და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობები სახელდება.