ქობულეთის მუნიციპალიტეტში ხანძრის სამი კერა დაფიქსირდა. ცეცხლი სოფელ ოჩხამურში, მუხაესტატეში და “აგურ ქარხნის” ტერიტორიაზე ცეცხლი ბალახსა და ეკალ-ბარდს გაუჩდა. როგორც ქობულეთის მერმა ლევან ზოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ხანძრის ძირითადი კერები უკვე ლოკალიზებულია, ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.
“ხანძრის მიზეზები უცნობია, შესაბამისი სამსახურები შეისწავლიან, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება”, – განაცხადა ქობულეთის მერმა ლევან ზოიძე.
მისივე ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა ქობულეთის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი კორპუსების სახურავები და ავტომობილები დააზიანა. ლევან ზოიძის თქმით, ხეებმა საავტომობილო გზები ჩახერგა, თუმცა გზები ამ დროისათვის ყველა მიმართულებით გაწმენდილია. ქარისგან მიყენებულ ზარალს ქობულეთის მერიაში არსებული სპეციალური კომისია შეისწავლის.
“ქობულეთში ძლიერი ქარი იყო, რამდენიმე საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა, ხეებმა კი გზები ჩახერგა. ამ დროისათვის, ყველა ლოკაციაზე გზა გაწმენდილია, შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. რამდენიმე ადგილზე ვიმყოფებოდი, დავათვალიერე კორპუსები, ჩვენ მაქსიმალურად ხალხის გვერდითი ვართ, დაითვლება ზარალი და შესწავლის შედეგად ყურადღებას მივაქცევთ”, – აცხადებს ლევან ზოიძე.
