„ჩვენი შეფასებით, ეს არის რუსული კანონის გაგრძელება. კანონის მთავარი მიზანი იყო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობის შეფერხება, მათი სტიგმატიზება და საბოლოოდ ასეთი ორგანიზაციებისა და მათი საქმიანობის დასრულება ამ ქვეყანაში“, – ამის შესახებ „ახალგაზრდა იურისტა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა, ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა.
აღნიშნულის საიას ხელმძღვანელი პრემიერის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც მთავრობა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო ფონდის ქმნის.
როგორც ქურდოვანიძემ აღნიშნა, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქმიანობის სფეროს მიხედვით არის განსხვავებული, ზოგიერთი ორგანიზაცია, რომელიც სხვადასხვა ტიპის მოწყვლადი ჯგუფებისთვის სერვისის მიმწოდებელია, შესაძლოა, დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებდეს.
ქუროდვანიძის თქმით, ასეთი პრაქტიკა აქამდეც არსებობდა და იმედი აქვს, რომ მომავალშიც იარსებებს:
„ერთი მხრივ, ეს კანონი შემზღუდველ ეფექტს ატარებს, დისკრიმინაციული რეგულაციებია, კონსტიტუციასთან შეუსაბამო. მეორე მხრივ, თითქოს შესაძლებლობის გაჩენაა, რომ ეს ორგანიზაციები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდებიან, ეს კიდევ ერთხელ არის ამ სტიგმის გამაძლიერებელი.
ამით ხელისუფლებას იმის ჩვენება უნდა, თითქოს საერთაშორისო ფონდებიდან, სხვა ქვეყნის დონორი ორგანიზაციებიდან მიღებული თანხით არ კეთდება სახელმწიფო საქმე. ეს არის არსი ამ დაფინანსების. სინამდვილეში, ჩვენი საქმიანობა რომელიც მათ შორის „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ აქვს უკავშირდება ადამიანის უფლებების დაცვას, ჩვენი საზოგადოების ინტერესების გატარებას.
მამუკა მდინარაძე პრემიერ-მინისტრის ინიციატივის კრიტიკოსებზე: „კრიტიკამაც არ დააყოვნა, ეგენი სხვა მთავრობის დაფინანსებული ორგანიზაციები არიან, ამიტომ რა პრობლემააო. მაშინ არასამთავრობო რატომ, დავარქვათ „გარესამთავრობო“ ორგანიზაციები“
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ინიციატივის ირგვლივ ამტყდარ აჟიოტაჟს ეხმიანება.
როდესაც რუსული კანონის მიღების პირობებში ასეთი რისკების ქვეშ დგანან არასამთავრობო ორგანიზაციები, სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიები, ასეთი ფონდის შექმნა ერთმანეთთან თავსებადი არ არის. ამ კონტექსტსა და ვითარებაში ასეთი განცხადება ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, რომ რუსული კანონის ეფექტი გააძლიეროს, მოუწოდოს იმ ორგანიზაციებს, რომლებიც უკვე არ დაემორჩილნენ ამ კანონს, მათ შორის ჩვენც, რომ გარკვეულწილად რაღაც ბენეფიტი დავინახოთ.
ღირსებაზე როდესაც ვლაპარაკობთ და ვამბობთ, რომ ჩვენ არ დავრეგისტრირდით, რადგან ღირსების შემლახველია ამ რეესტრში რეგისტრაცია, ამის სანაცვლო ვერ იქნება ვერანაირი ფონდი, რომელიც რაიმე დაფინანსებას მისცემს საზოგადოებას“, – განაცხადა ქურდოვანიძემ.
ქურდოვანიძის განცხადებით, ხელისუფლება არასდროს მისცემს დაფინანსებას კრიტიკულ ორგანიზაციებს, რომლებიც მისი მაკონტროლებლები არიან.
გარდა ამისა, ისეთ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა, სადაც ხელისუფლება ნებისმიერ კრიტიკულ განცხადებაზე არასამთავრობო ორგანიზაციებს აკრიტიკებს, პროპაგანდის იარაღს იყენებს, იმის მოლოდინი, რომ ხელისუფლება ასეთ ორგანიზაციებს რაიმე დაფინანსებას მისცემს, არის რეალობას აცდენილი.
ხელისუფლება არასდროს მისცემს დაფინანსებას კრიტიკულ ორგანიზაციებს, რომლებიც ხელისუფლების მაკონტროლებლები არიან. ხელისუფლების საქმიანობის კრიტიკა არის მათ შორის ის, რასაც ისინი აკეთებენ. რადგან მაგალითად, როდესაც შენ მუშაობ კორუფციაზე და კორუფციული რისკების ანალიზს ახდენ, ამაზე საზოგადოებას ინფორმაციას აწვდი, მოლოდინი იმისა, რომ ხელისუფლება ამ აქტივობის დაფინანსებას შეძლებს ან გააგრძელებს, არ უნდა გქონდეს.
შეუძლებელია, შეინარჩუნო საქართველოს რეალობაში დამოუკიდებლობის ის ხარისხი, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს და მეორე მხრივ, დაფინანსებას იღებდე სახელმწიფო ბიუჯეტიდან, აკონტროლებდე ამ ხელისუფლების ნაბიჯებს. ეს საზოგადოების თვალში იმ ორგანიზაციების მიმართ, რომლებსაც ეს ფუნქციები აქვთ, ნდობას შეამცირებს.
არ ვსაუბრობ იმაზე, რომ არსებობენ სერვისების მიმწოდებელი სხვადასხვა სფეროში მომუშავე ორგანიზაციები არასამთავრობო ორგანიზაციების ფორმით, რომლებსაც სხვა მოწყობა აქვთ, სხვა ტიპის საქმიანობას ახორციელებენ“. – განაცხადა ქურდოვანიძემ.