LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხელისუფლება ველის მოსუფთავებას იწყებს, რომ პროცესში ჩართული მხარეების დისკრედიტაცია მოახდინოს.. შორიდან გვაბრალებდნენ ხოლმე რაღაცებს, საჯარო კომუნიკაციას ვერ ბედავენ“ – ვარლამ გოლეთიანი

165
ვარლამ გოლეთიანი - თბილისი

„ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციები საზოგადოების თვითორგანიზებით ჩარიცხული თანხებით ფინანსებოდა,“ – ამის შესახებ „ფორტუნას“ მოძრაობის „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა განუცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ფინანსებთან დაკავშირებით აუდიტის დასკვნა ჯერ კიდევ 2021 წლის 2 ნოემბერს გამოაქვეყნეს.

„ჩვენს ანგარიშზე თანხები საზოგადოების თვითორგანიზებით ირიცხებოდა, მაგრამ მხოლოდ ჩვენ არ ვმონაწილეობდით ამ პროცესში – თავის მხრივ იყო არასამთავრობო სექტორი: „მწვანე ალტერნატივა“, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“. მათ შესაბამისი კომპონენტი ჰქონდათ ამ ბრძოლაში და საკითხებზე ორგანიზაციულად მუშაობდნენ.

ბოლო შეხვედრა ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან რომეო მიქაუტაძესთან გვქონდა, თბილისში ჩავედით სპეციალურად, რათა პირისპირ გვენახა, თუმცა როგორც კი შევთავაზეთ შეხვედრის მედიისთვის საჯაროობა, პროცესს გაექცნენ.

ბოლო წლების განმავლობაში, რაც ჩვენი ბრძოლა მიმდინარეობს, ხელისუფლება ყოველთვის თავს არიდებს, რომ კითხვებს საჯაროდ უპასუხოს, რადგან მათ იციან, რომ ჩვენთან საუბრის პროცესში ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებები უვლინდებათ, ამიტომ საჯაროობა არ უნდათ,“ – აღნიშნავს ვარლამ გოლეთიანი „ფორტუნასთან“.

ვარლამ გოლეთიანი გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას იმის შესახებ, რომ მალე შეიქმნება აგენტების რეესტრი და ყველა გაიგებს, ვისგან ფინანსდებოდა ნამახვანჰესის დაბლოკვა.

კობახიძე: მალე იქნება რეესტრი და გაიგებთ ვისგან ფინანსდებოდა ნამახვანჰესის მშენებლობის დაბლოკვა

„რამდენიმე თვეში იქნება პასუხი.. რუსულიც იყო, მაგრამ არარუსულიც იყო“,- თქვა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ.

გოლეთიანის შეფასებით, ხელისუფლების მხრიდან ადგილი აქვს დისკრედიტაციის მცდელობის გააქტიურებას ყველა იმ აქტორის მიმართ, ვინც ნამახვანჰესის მშენებლობას აკრიტიკებდა.

„როგორც ჩანს, ხელისუფლება პროცესების გააქტიურებას აპირებს, იმავე რიონის ხეობაში. რასაც მიემართებოდა ჩვენი კრიტიკა, რომ ეს ენერგოპოლიტიკა არის მანკიერი, არასწორი და ანტისახელმწიფოებრივი, [ხელისუფლება] ამ პოლიტიკას უფრო დამძიმებული ფორმით ატარებს.

ძირითადად, შორიდან გვაბრალებდნენ ხოლმე რაღაცებს და ჩვენთან საჯარო კომუნიკაციას ვერ ბედავენ. ამის გაგრძელებაა დღევანდელი პროცესიც – შორიდან დააბრალებ პროცესში მონაწილე ყველა აქტორს, ვინც კრიტიკულ კითხვებს სვამდა, რომ არის აგენტი.

ვფიქრობ, ხელისუფლება ამ მიმართულებით რაღაცნაირად ველის მოსუფთავებას იწყებს, რომ საზოგადოების თვალში პროცესში ჩართული მხარეების დისკრედიტაცია მოახდინოს.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოტივაცია ჩვენთვის ისედაც ცხადია – ეს არ არის რაღაც ფინანსების გამჭვირვალობა. ჩვენ შემთხვევაში გამჭვირვალეა, არ ვართ ორგანიზაცია და არავისგან ორგანიზაციული დაფინანსებაც არ გვქონია, მაგრამ სხვების შემთხვევაზე რომ ვთქვათ, კანონპროექტის მოტივაცია ცალსახად არ არის, ვიღაცის ფინანსები გავარკვიოთ, მთავარია ადამიანს ჰქვია – „აგენტი“.

ამ თემით საზოგადოების გაუთვითცნობიერებელი ნაწილის მანიპულირება მოხდება და დაპირისპირება კიდევ უფრო გაღრმავდება. ხელისუფლება კი ამას უწყობს ხელს, თორემ თუ ვინმეს ანგარიშები აინტერესებდა, ეს ისედაც ხელმისაწვდომია.

იმედი მაქვს, საზოგადოება ამ პროცესს შეხედავს ჯანსაღად და არა ისე, როგორც ხელისუფლებას აწყობს“, – ამბობს ვარლამ გოლეთიანი „ფორტუნასთან“.

ცნობისათვის, „ხალხის ძალის“ დეპუტატებმა პარლამენტში წარადგინეს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“ უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი შეიქმნება, სადაც ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება დარეგისტრირდება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება.

მოძრაობა „ხალხის ძალა“: პარლამენტში ვაინიცირებთ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი

„ამგვარმა კანონმა შეიძლება შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია“ – ნედ პრაისი „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g