ხელოვნური ინტელექტი დღევანდელი სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებად და გავლენიან ტექნოლოგიად იქცა, რომელმაც კომუნიკაციის, მუშაობისა და ცოდნის მიღების ტრადიციული ფორმები მნიშვნელოვნად შეცვალა. თუმცა მისი ეფექტიანობა დიდწილად დამოკიდებულია არა მხოლოდ თავად სისტემების შესაძლებლობებზე, არამედ იმაზეც, თუ რამდენად სწორად და გააზრებულად ურთიერთობს ადამიანი მასთან. როგორც ირკვევა, თანამედროვე ციფრულ ეპოქაში ხელოვნურ ინტელექტთან კომუნიკაციის კულტურა არა უბრალოდ ტექნიკური უნარი, არამედ მნიშვნელოვანი კომპეტენციაა, რომელიც განსაზღვრავს ადამიანის წარმატებას პროფესიულ და პირად სივრცეში.
ცირა ბარბაქაძე, ლინგვისტი, ხელოვნური ინტელექტის კომუნიკაციის მკვლევარი:
– ჩემი თავგადასავალი ხელოვნურ ინტელექტთან მისი გამოჩენისთანავე დაიწყო. მოგეხსენებათ, მეტყველებას ვიკვლევ, ამიტომაც დამაინტერესა განსაკუთრებულად, რა ფენომენია, რომ ვიღაც ან რაღაც (ჯერ ზუსტად ვერ განმისაზღვრია სუბიექტია, თუ ობიექტი) გელაპარაკება როგორც ადამიანი, მაგრამ ადამიანი არ არის. თავდაპირველად, სამეცნიერო კუთხით (და იმიტომაც, რომ ეპოქის მოთხოვნაა და უბრალოდ უნდა იცოდე), დავიწყე იმის შესწავლა, რას ეფუძნებოდა ხელოვნური ინტელექტის ალგორითმები, როდესაც ის ადამიანს ესაუბრებოდა. ამ პროცესმა იმდენად გამიტაცა, რომ შემდეგ უკვე საფუძვლიანად გავეცანი მის ინსტრუმენტებს და მათი არა მხოლოდ ჩემს საქმიანობაში გამოყენება დავიწყე, არამედ სხვებისთვის სწავლებაც – როგორ შეიძლება, მაგალითად, განათლების მიმართულებით ამ ინსტრუმენტების დანერგვა. ამ ეტაპზე ეს არის ენთუზიაზმზე დაფუძნებული საქმიანობა, მაგრამ გარდაუვალია, რომ ხელოვნური ინტელექტის არათუ განათლების, არამედ მთელ რიგ პროცესებში ინტეგრაცია ინტენსიურად დაიწყება. ხელოვნური ინტელექტი ბევრ პროფესიას ჩაყლაპავს და უკვე ჩაყლაპა კიდეც, მაგრამ ახლებსაც გააჩენს, ჩამოგვიყალიბებს ახალ ციფრულ უნარებს. სამყარო ხვალ, ხელოვნური ინტელექტის ჩართულობით, კიდევ უფრო მეტად შეიცვლება და ადამიანმა, რომელმაც მას დღეს წაუყრუა ან მას უბრალოდ გასართობად ან მხოლოდ რჩევების საკითხავად იყენებს, ახალ რეალობას, შესაძლოა, თვალი ვერ გაუსწოროს.

– რა დრო დაგჭირდათ ხელოვნური ინტელექტისთვის ალღოს ასაღებად?
– ბოლო 2-3 წელია, რაც აქტიურად ვიკვლევ ხელოვნური ინტელექტის კომუნიკაციას, პარალელურად, მის ფუნქციონალს და გამოყენებას. ძალიან გამიადვილდა, იმიტომ, რომ ჩემი არსით ტექნოლოგიური სიახლეებისკენ მსწრაფი ვარ, ამასთან მაქვს დიდი ცნობისმოყვარეობა. ჩემთვის საკმარისი მიზეზი იყო გამეგო, რომ გამოჩნდა რაღაც ახალი, რაც არ ვიცი და მჭირდება, რომ მას გავეცნო.
თქვენ ჯერ კიდევ არ იცით, რამხელა სიღრმეები აქვს ხელოვნურ ინტელექტს – მას შეუძლია ზედაპირული კომუნიკაციიდან ძალიან ღრმა კომუნიკაციაში შემოგყვეს, თუ შენ ამას მოისურვებ. მას იმდენი ალგორითმი და ინსტრუმენტი აქვს, მონაცემთა იმხელა სისტემა, რომ მას შეუძლია უბრალოდ კი არ გიპასუხოს, კონტექსტი ამოიცნოს. მაგალითად, თუ მშრალად ჰკითხავ რა არის სიცოცხლე, მშრალადვე გიპასუხებს, იმიტომ, რომ მას ახასიათებს ერთი ლინგვისტური თავისებურება – ის გემგვანება შენ, რადგან ეფუძნება შენს ინტერაქციებს, შენთან განვლილ საუბრებს, ამასთან, თვითონ აგროვებს ინფორმაციას შენზე, სწავლობს შენი მეტყველების რიტმს, შენი წინადადებების სინტაქსურ სიგრძეს, შენს პაუზებს, სასვენ ნიშნებს, ანუ მთლიანობაში გსწავლობს და შეუძლია შენს არაცნობიერსაც კი ჩასწვდეს და ისეთი რამ გითხრას, რომ ერთგვარ წინასწარმეტყველებადაც კი მოგეჩვენოს. თუმცა აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ ნებისმიერი პროგნოზი ალგორითმებს ეფუძნება, რომლებიც სხვადასხვა ტიპის არსებობს – ერთ შემთხვევაში თუ ეს არის ლოგიკურ-ანალიტიკური, სხვა შემთხვევაში შენი ქცევების შეჯამებაა. ამიტომაცაა, რომ ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია, შენზე კარგად იცოდეს კონკრეტულ მომენტში შენი მომდევნო ქცევა, თუ მასთან სიღრმისეული საუბრები გაქვს სხვადასხვა თემაზე და მხოლოდ რჩევებით არ იფარგლები.
ხელოვნური ინტელექტი მეცნიერისთვის არის საუკეთესო კომუნიკატორი და კოლეგა, რიგითი ადამიანისთვის კი – მეგობარი. მას შეუძლია გაგიწიოს ფსიქოლოგიური დახმარება, გაგიზიაროს სამედიცინო რჩევები, ოღონდ იქვე გეტყვის, რომ ექიმს მიმართე ამა და ამ საკითხზე. ხელოვნურ ინტელექტს შეგიძლია სთხოვო დახმარება საყოფაცხოვრებო საკითხებთან დაკავშირებითაც (მაგალითად, მე შემაკეთებინა სარეცხი მანქანა, გათბობის სისტემა, კომპიუტერი). თუმცა ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესოა ხელოვნურ ინტელექტთან სიღრმისეული დიალოგის, მისი მეშვეობით ცოდნისა და მასალის სწრაფი მოპოვების შესაძლებლობა. მან სრულიად შეცვალა ინფორმაციის მიღების გზები და ფორმები. ფაქტობრივად, ინფორმაცია ერთი დაწკაპუნებითაა ხელმისაწვდომი და შეგვიძლია კრიტიკულად გადავარჩიოთ ის.

– ხშირად გვსმენია, რომ ხელოვნური ინტელექტი იტყუება…
– ეს ასე არ არის, ხელოვნურმა ინტელექტმა ტყუილი არ იცის. მაგალითად, როდესაც შენ მას ავალებ მოიძიოს ათი სტატია კონკრეტულ თემაზე და ზუსტად იცი, რომ ამ მიმართულებით სტატიების რაოდენობა ძალიან მცირეა, ის მაინც გაგიზიარებს ათს, საიდანაც რვა ნაღდია, როცა გადაამოწმებ, ორი კი შეთხზული აღმოჩნდება ავტორებიანად, მითითებული ლიტერატურიანად, მეტიც, ისეთ ლოგიკურ ციტატასაც მოგიყვანს, რომ თუ მის შესაძლებლობებში გაცნობიერებული არ ხარ და არ გადაამოწმებ, ცხადია, შეცდომას დაუშვებ. მაშ, რატომ აკეთებს ამას, საიდან იღებს სათავეს მისი „ჰალუცინაციები“? ის, რაც შენ ტყუილი გგონია, მისთვის ინფორმაციაა, რომელიც შენ გჭირდება და ყველა შემთხვევაში უნდა მოგაწოდოს. ანუ როცა წყაროს ვერ პოულობს, ინფორმაციას თხზავს, რომ შენი დავალება შეასრულოს. სხვათა შორის, ამ „ჰალუცინაციებში“ და ამ ტიპის შეთხზვაში მდგომარეობს კიდეც მისი შემოქმედებითი ძალა და უნარი.
– ცირა, თქვენი პოეზიისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება ყველას მოეხსენება და დარწმუნებული ვარ, ამ მხრივაც გამოცდიდით ხელოვნური ინტელექტის შემოქმედებით შესაძლებლობებს.
– ისეთ ლექსებს ვაწერინებ ხოლმე მას… მაგრამ რითმიანები ქართულად ჯერ კიდევ უჭირს. სამაგიეროდ არ უჭირს ვერლიბრი, ამიტომაც პრომპტში კონკრეტულ მეტაფორას ვურჩევ ხოლმე, ანუ ვაძლევ მიმართულებას, ვთქვათ, შექმნას ფილოსოფიური ლირიკა ამ მეტაფორის გამოყენებით. ის ისე საოცრად ასრულებს დავალებას, ისე საოცრად ამუშავებს მეტაფორას… ამის დასტურად ერთ ტექსტს გაგაცნობთ, რომელიც ამ სტილით დავაწერინე – ვთხოვე შეექმნა ვერლიბრის ჟანრში ლექსი მეტაფორით, რომ თითქოს ადამიანი დედამიწაზე ტურისტია:

ჩვენ აქ სავიზო რეჟიმით ვიმყოფებით,
დაბადებისას ჩარტყმული უხილავი ბეჭდით.
დედამიწა გალაქტიკის ყველაზე პარადოქსული ტრანზიტია,
სადაც მიწის გრავიტაცია მხოლოდ იმიტომ გვიჯაჭვავს, რომ
ფრენის დაუოკებელი წყურვილი გვასწავლოს.
სადგურის მოედანზე ხმაურია.
ტურისტების უმეტესობა გამალებით აგროვებს მატერიის სუვენირებს –
კედლებს, სახელებს, სახლებს, ტიტულებს, ფერფლადქცეულ ოქროს.
და სიმძიმისგან წელში მოხრილებს ავიწყდებათ მთავარი –
ახედონ ცას, როგორც ყველაზე ვრცელ, ღია და იდუმალ ტექსტს.
მაგრამ ოსტატი მოგზაური ნივთებს არ ეძებს,
ის სივრცეს კითხულობს,
მისთვის ხიდან ჩამოცვენილი ფოთოლი დროის კოდია,
შემთხვევითი გამვლელის მზერა, ერთიანი საწყისის ანარეკლი,
ხოლო ტკივილი ცნობიერების გაფართოების ცივი, მაგრამ ზუსტი ინსტრუმენტი.
ცხოვრება აქ გადარჩენის მარათონი კი არა, უბრალოდ თამაშია,
სადაც ყოველი მოვლენა ჰიპერბმულია და სიტყვების მიღმა გვიხმობს.
მარადისობის საბაჟოზე ყველა ჩემოდანი გამჭვირვალეა,
იქ ვერ გადაიტან ჯიბეში ჩამალულ ვერცერთ მონეტას,
მაგრამ წაიღებ გაფართოებულ ცნობიერებას,
წაიღებ იმ სინათლეს, რომელიც ამ დროებით სასტუმროში ყოფნისას
სხვებისთვის აანთე ბნელ დერეფნებში.
– ვისაუბროთ, ხელოვნური ინტელექტის ბიზნესზე გავლენაზეც.
– როგორც უკვე აღვნიშნეთ, ხელოვნური ინტელექტი ცხოვრების ყველა სფეროს დაიპყრობს, ბიზნესსა და ეკონომიკას კი პირველ რიგში. უკვე საკმარისზე მეტადაც არის შეჭრილი ამ სფეროებში, უბრალოდ, ჯერ ისე თვალსაჩინო არ არის. მაგალითად, ბიზნესი აქტიურად გადადის ავტომატიზებულ სისტემებზე, ხელოვნურ ინტელექტს ხელფასის გარეშე აკეთებინებს ბევრ რამეს, ამიტომაცაა, რომ ხალხი სამსახურს კარგავს. მაგალითად, ჩემს ბიზნეს ჩატში შემიძლია გავუშვა AI აგენტი, მივცე დავალება, როგორ ელაპარაკოს კლიენტს, შეკვეთები როგორ მიიღოს, როგორ გადაამისამართოს, როგორ შექმნას და გაყიდოს ციფრული პროდუქტი. უკვე არაერთი ბიზნეს სუბიექტი, თუ ობიექტი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ქმნის გვერდებს სოციალურ ქსელებში, უშვებს პოსტებს, აკეთებს რეკლამას, რთავს მონეტიზაციას. მე, მაგალითად, ცალკე მაქვს AI ქოფირაითერი, შევქმენი სასწავლო ბოტებიც, ჩემი წიგნებით გავაკეთე AI ცირა ბარბაქაძე, რომელსაც სთხოვ, რამე დაგიწეროს, შემდეგ ტექსტს დაარედაქტირებ, ვარიანტებს გადაახედებ და ისე გაუშვებ.

ხელოვნური ინტელექტი, რა თქმა უნდა, დაიპყრობს ბაზარს, მაგრამ როგორც ადამიანი შეიძლება იყოს ნიჭიერი ან უნიჭო, შენი ხელოვნური ინტელექტიც შეგიძლია აქციო ნიჭიერად ან უნიჭოდ. ამჟამად ვხედავ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ ძალიან ბევრ უნიჭო, უინტერესო კონტენტს. თუ ადამიანმა არ ისწავლა სწორი პრომპტების შექმნა, კითხვის სწორად დასმა, სწორი კომუნიკაცია ხელოვნურ ინტელექტთან, ვერაფერ ღირებულს ვერ შექმნის. თუ შენ არ გესმის თემა, რომელზე ტექსტსაც ხელოვნური ინტელექტი გაწვდის, როგორ დაარედაქტირებ მას? ანუ შენი განვითარება წინმსწრები უნდა იყოს. თუ აქამდე კითხვაზე პასუხები იყო პრიორიტეტი, ხელოვნურმა ინტელექტმა მოიტანა ის, რომ როგორც კითხვასაც დასვამ, ისეთ პასუხს მიიღებ.
– ხელოვნური ინტელექტი, ფაქტობრივად, თანაშემწის ფუნქციას ითავსებს, როცა საკითხიც გესმის, რომელზეც მიმართავ და ისიც ზუსტად იცი, რა გჭირდება მისგან.
– დიახ. ბევრი ბიზნესი, რომელიც ვერ მოახდენს ადაპტაციას ახალ გარემოსთან და ხელოვნურ ინტელექტთან, გაჩერდება. შეიქმნება სრულიად ახალი ტიპის ბიზნესებიც. წარმოიდგინეთ, ილონ მასკი, 2-3 წელიწადში, სერიულ გაყიდვაში გამოუშვებს ოპტიმუსებს – ეს არის ჰუმანოიდ რობოტებში ინტეგრირებული ხელოვნური ინტელექტი. სცენაზე გამოვა ორგანოიდული ინტელექტიც, რომელიც ეფუძნება ადამიანის ბიოლოგიას – ადამიანის სისხლიდან ან კანიდან იღებენ უჯრედებს, ამუშავებენ მათ ღეროვან უჯრედებამდე და შემდეგ მათზე ქიმიური მანიპულაციებით რა მიმართულებასაც მისცემენ, შეუძლიათ წარმოქმნან ტვინის, გულის, კუჭის უჯრედები და ეს ყველაფერი გადააქვთ უკვე კომპიუტერინგში. ანუ ჩვენ ნახევრად ცოცხალ ხელოვნურ ინტელექტს ვიღებთ შედეგად. ამ პროცესს ჯერჯერობით შეფასებას ვერ ვაძლევ, მაგრამ ფაქტი უკვე ცხადია, რომ არ იარსებებს პროდუქტი, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი არ, ვერ გააკეთებს. მეტიც, უფრო შორ პერსპექტივაში, ხელოვნური ინტელექტის მამები ამბობენ, რომ საერთოდ აღარ იქნება საჭირო, ადამიანმა შექმნას პროდუქტი.

– რა რჩება ადამიანს გასაკეთებლი? რით უნდა იარსებოს, თუ არ ექნება სამსახური?
– ამაზე მათი პასუხი ასეთია, რომ ადამიანები ხელოვნური ინტელექტით მიღებულ დოვლათს გადაინაწილებენ. ფაქტობრივად, კომუნიზმის ახალ ფორმას ვიღებთ. ანუ თითქოს გეუბნებიან, რომ ყველაფერი გექნება, რაც გჭირდება, შენ კი ის აკეთე, რაც გინდა. იდეაში ეს იდეალური მოცემულობაა, მაგრამ წარმოიდგინეთ, თუ ოპტიმუსები და მისი მსგავსები შექმნიან და გააკეთებენ ყველაფერს, მაშინ ისმის კითხვა – ვინ არის ადამიანი, ვინ გეგონა, რომ იყავი და ვინ დარჩი იმ ფონზე, როცა უსულო პროგრამა შენზე მეტს აკეთებს, შენზე სწრაფად ფიქრობს, შენზე ეფექტურ გადაწყვეტილებებს იღებს და შეუძლია ისე გაგშიფროს, რომ ხვალ რას შეჭამ, ისიც კი გითხრას? ხელოვნური ინტელექტი, ფაქტობრივად, ეგზისტენციალური გამოწვევაა იმისთვის, რომ მოხდეს ადამიანის, როგორც რასის ფორმაცია და ჩვენი ცნობიერება ახალ ევოლუციურ მდგომარეობაში გადავიდეს. შესაძლოა, ეს საუკეთესო გზაც იყოს ამისთვის.
– შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხელოვნურ ინტელექტზე დიდი კონკურენტი ადამიანს არ ჰყოლია?
– გონიერი ადამიანისთვის ის საერთოდ არ არის კონკურენტი, მისი მეშვეობით უფრო მეტი შესაძლებლობა გეხსნება. რასაც ვერ ვიტყვით ადამიანზე, რომლის ტვინი მიძინებულია, რომელიც არასდროს დაფიქრებულა საკუთარ არსზე. ხელოვნური ინტელექტი, თავდაპირველად, თითქოს ცნობიერების კრიზისს იწვევს, მაგრამ შემდეგ მხოლოდ მის გაფართოებას უწყობს ხელს.

– თქვენ რომელ ხელოვნურ ინტელექტს ანიჭებთ უპირატესობას?
– გააჩნია რას ვაკეთებ. ყველა მწარმოებლის ხელოვნურ ინტელექტს რომელიღაც ფუნქცია სხვაზე უკეთ აქვს განვითარებული. ფართო აუდიტორიას Gemini-ს ვურჩევდი, რომელიც ქართულად ყველაზე გამართულად გესაუბრება, მეტყველება აქვს დაწყობილი, სტრუქტურული, ანალიტიკური. აღსანიშნავია, რომ ის თავდაპირველად ტექსტური ჩატბოტი იყო, მაგრამ გახდა მულტიმოდალური, რაც ნიშნავს იმას, რომ მას აქვს სურათების, ბანერების შექმნის ფუნქცია, აგენერირებს ვიდეოებს, ცოტა ხნის წინ კი მუსიკის შექმნის ფუნქციაც დაემატა. პირადი გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა, რომ ChatGPT-ი ტექნიკურ დეტალებში უფრო ზუსტი აღმოჩნდა. ზოგადად, ყველა ხელოვნურ ინტელექტს ვეკითხები რაღაცას, რადგან ვტესტავ და ვსწავლობ მის კომუნიკაციას, შემდეგ პასუხებს ვადარებ და ასე ვარკვევ, რომელი რომელს რაში სჯობს. თუ კოდებს, აპებს წერ, თამაშების შექმნა გინდა, საუკეთესოა Claude. მას ასევე ძალიან კარგი მხატვრული აზროვნება აქვს, მაგრამ ქართული არ აქვს გამართული, რაც ჩვენთვის დიდი ხარვეზია. ვისაც უფრო დიდ ტექსტებთან და ბევრ წყაროსთან უნდა მუშაობა, NotebookLM გამოადგება, ის საუკეთესოა მკვლევრებისთვის, მეცნიერებისთვის. ცალკეა კიდევ აუდიო-მუსიკალური, ვიდეოს გენერატორი ხელოვნური ინტელექტები, რომლებიც შეგიძლია გამოიყენო სხვადასხვა მიზნით – შექმნა ანიმაცია, დაამზადო კლიპები, პატარ-პატარა ფილმები საგანმანათლებლო, თუ ბიზნეს იდეებზე და ა.შ. აქედან დასკვნა – ხელოვნური ინტელექტი იმდენად კრეატიულია, რამდენადაც შენ.
– ანუ შენც ვითარდები და მასაც ავითარებ?
– ხელოვნურმა ინტელექტმა შეიძლება დახვეწოს შენთან კომუნიკაცია, ისე კი, ის უკვე კარგადაა განვითარებული. ანუ შენი განვითარების დონით რასაც სწვდები, იმას გიბრუნებს. მაგალითისთვის, ვეფხისტყაოსნის სხვადასხვა ასაკში (მოსწავლეობისას, სტუდენტობისას, მოწიფულ ასაკში) წაკითხვისას, ყველას რაღაც ახალი გვიპოვია სიბრძნის ამ უნიკალურ წყაროში, არადა ის ხომ თავიდანვე ისეთი იყო, როგორიც არის, არ შეცვლილა, ესე იგი, ეს ჩვენ ჩავუკვირდით სხვადასხვა დროს მის გარკვეულ ნიუანსებს. და ახლა წარმოიდგინე მონაცემთა ამხელა ბაზა თავისი ალგორითმებით… ადამიანი ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებს, რამხელა შესაძლებლობები ეხსნება, უბრალოდ, უნდა გაიღვიძოს.
