ამხანაგობა „თანადგომამ”, რომელიც სასათბურე მეურნეობას ფლობს, მარწყვის წარმოება დაიწყო.
როგორც ”ფორტუნას” ამხანაგობის თავმჯდომარემ, ჯაბა თავართქილაძემ განუცხადა, სათბურებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალში ფლობს და წარმოებული პროდუქციის რეალიზაციაც ადგილობრივ ბაზარზე ხდება.
”ამ ეტაპზე ვფლობთ 6 სათბურს, სადაც სალათის ფურცლები და მარწყვი მოგვყვავს. რაც შეეხება გავრცელების არეალს, პროდუქციის სხვა რეგიონებში გატანა არ დაგვიწყია იმ მარტივი მიზეზის გამო რომ, მოთხოვნა დიდია, ჩვენი ნაწარმის მოცულობა კი – მცირე. შესაბამისად, აჭარის რეგიონსაც ვერ ვაკმაყოფილებთ ბოლომდე”, – აღნიშნა თავართქილაძემ.
მისივე ინფორმაციით, ”თანადგომა” სალათის ფურცლებით, ძირითადად, ადგილობრივ სასტუმროებსა და რესტორნებს ამარაგებს, მარწყვის რეალიზაციას კი ბაზრებსა და სხვადასხვა სავაჭრო და საკვებ ობიექტებში ახორციელებს.
ცნობისთვის, ამხანაგობა „თანადგომა” 2015 წლის ოქტომბერში დაფუძნდა. ამხანაგობამ საკუთარი სასათბურე მეურნეობა პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ ჩართვის შემდეგ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა. მიკრომეწარმეობის პროგრამით ის 15 ათასი ლარით დაფინანსდა.