„რიონის ხეობის მცველების“ წარმომადგენლის ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, რიონის ხეობაში შესასვლელი გზები რაჭიდან, ლეჩხუმიდან და ქუთაისიდან ჩაკეტილია. მისივე თქმით, გაკონტროლდება კომპანიის სპეცტექნიკა და მათ რიონის ხეობაში შესვლის საშუალება არ მიეცემათ.
ვარლამ გოლეთიანი, აქციის მონაწილეების დარბევას არ გამორიცხავს, რადგან ამ დროის განმავლობაში „რიონის ხეობის მცველების” დარბევა ხუთჯერ მოხდა.
„ხეობაში გზა ჩაკეტილია – შემოსასვლელი რაჭიდან, ლეჩხუმშიც და ასევე ქუთაისიდან. გაკონტროლდება უშუალოდ კომპანიის სპეცტექნიკა, რომ არ გადაადგილდნენ. რაც შეეხება მოსახლეობას, ჩვეულებრივ გამვლელს, გადაადგილების პრობლემა არ ექნება. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სამუშაო პროცესი აუცილებლად შეჩერდეს უახლოეს დღეებში. უკვე ორი მანქანა მივაბრუნეთ დილით. ანუ, კომპანიის ტრანსპორტს ამ გზაზე უწევს გავლა, ამიტომ, ახლა რაც არ უნდა მარაგი შეიტანონ შიგნით, ამ გზაზე გავლას ვერ აცდებიან.
ჩვენ არ ვაპროვოცირებთ, რათა არ მოხდეს დაპირისპირება. იერიში არ მიგვაქვს პოლიციაზე და ბარიკადს იქეთ გადასვლას არ ვცდილობთ. ვეცდებით, რომ მხოლოდ კომპანიას შეეშალოს ხელი, რადგან არ განხორციელდეს ხეობაში მიმდინარე სამუშაოები“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.