ნუკრი ქანთარიას განცხადებას, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძეს რუს კოლეგასთან შეხვედრისთვის საკმარისი გამოცდილება არ გააჩნია, თინა ხიდაშელი პასუხობს. თავდაცვის მინისტრი მიიჩნევს, რომ
„ცოტა მეტი ფიქრი სჭირდებათ იმ პარტიაში, საიდანაც ეს განცხადებები კეთდება, რომ საკუთარ მინისტრებზე ასეთ განცხადებებს არ უნდა აკეთებდნენ.“
“საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ჰყავს იმ პოლიტიკური გუნდიდან, რომელსაც ეკუთვნის ნუკრი ქანთარია. თუ მას რამე კითხვები გააჩნია მიხეილ ჯანელიძესთან დაკავშირებით, ამ კითხვების დასმის შესაძლებლობა ჰქონდა საქართველოს პარლამენტში, გასულ წელს. ყველაფერი დანარჩენი არის ბელეტრისტიკა და ძალიან ვწუხვარ, რომ ის ასეთი ტიპის განცხადებებს აკეთებს საკუთარი ქვეყნის ძალიან პროფესიონალ, ახალგაზრდა, ენთუზიასტ, ძალიან გამოცდილ დიპლომატთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ცოტა მეტი ფიქრი სჭირდებათ იმ პარტიაში, საიდანაც ეს განცხადებები კეთდება, რომ საკუთარ მინისტრებზე ასეთ განცხადებებს არ უნდა აკეთებდნენ”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
ნუკრი ქანთარია მიიჩნევს, რომ სერგეი ლავროვთან შესახვედრად საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძეს საკმარისი კომპეტენცია არ აქვს. მისი შეფასებით, ჯანელიძე ნიჭიერია, თუმცა ის გამოცდილება, რომელიც ლავროვთან შესახვედრად არის საჭირო, არ აქვს.