დღეს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები საკმაოდ გაზრდილია. მინისტრის განმარტებით, ზრდა დაკავშირებულია იმასთან, რომ მოქალაქეები გვიან უკავშირდებიან ოჯახის ექიმს, შესაბამისად, სიმპტომების მიზეზის დადგენაც გვიანდება.
ტიკარაძემ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ მოქალაქეების პროაქტიული ჩართულობა და პრობლემის დროული იდენტიფიცირება კორონავირუსის სამართავად ძალიან მნიშვნელოვანია.
მინისტრის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება ჰეპატოლოგი, გასტროენტეროლოგი ჯაბა ზარქუა.
მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
“მთავარი” ინფექციონისტის განცხადება როგორც მივხვდი სამთავრობო მესიჯბოქსის წინაპირობა იყო და ახლა უკვე მინისტრიც ამბობს მაღალი ჰოსპიტალიზაციის რიცხვი იმიტომ გვაქვს რომ ექიმებს პაციენტები გვიან უკავშირდებიანო.
უფრო მარტივად გითარგმნით – უვიცები, ზარმაცები და საკუთარი თავის მტრები ხართ ეს პაციენტები, ცოცხალი თავით ექიმთან არ მიდიხართ და თუ რამე მოგივათ აბა ჩვენ რაღა ვქნათო.
ნეტავ ამ პანდემიამ ცოტა ნატამალი დატოვოს პროფესიული ღირსების და სისტემას ხვალ-ზეგ კი გავასწორებთ ახალი თაობა, მაგრამ ამ შერყეულ რეპუტაციას რას ვუშველით?
ხო არის სამინისტრო ღირსი რომ ვინც სცადა ექიმთან დაკავშირება და ვერ მოახერხა, ადგეს და პირადად მინისტრს ურეკოს მობილურზე?
ნუ აბრალებთ პაციენტებს სიკვდილს, რა ჯანდაბაა კაცო ეს? გეყოთ რა, არ მოსულა!”-წერს ექიმი.