LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხორავას ქუჩაზე ფარდულის დემონტაჟში პოლიცია იყო ჩართული – ოთარ კახიძე

62

მოწმეების ნაწილი პირველ და ორ დეკემბერსაა გამოკითხული, მაგრამ საქმეში ამ გამოკითხვის ოქმები არ ჩანს, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, ოთარ კახიძემ განაცხადა. ამასთან, როგორც კახიძემ აღნიშნა, დღეს გამოკითხული მოწმე ნიკოლოზ იორდანიშვილი, ვინც ჩხუბს თავიდან ბოლომდე უყურებდა, ამბობს, რომ პოლიციაში რამდენიმე საათის განმავლობაში კითხავდნენ და მისი გამოკითხვის ოქმი საქმეში არ დევს.

კახიძის თქმით, დღეს ეს ადამიანი აცხადებს, რომ არაფერი დაუნახავს.

„ამ გასაუბრებების შედეგად კომისიისთვის რაც ახალი გამოვლინდა არის ის, რომ მოწმეების ნაწილი პირველ და ორ დეკემბერსაა გამოკითხული, მაგრამ საქმეში ამ გამოკითხვის ოქმები არ ჩანს. ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარია ეს ოქმები სად წავიდა. ეს დოკუმენტაცია სად არის.

როგორ შეიძლება, საქმეში დანაშაულის თვითმხილველის პირველადი გამოკითხვის ოქმი არ იდოს და იდოს ოქმი, რომელიც იმავე პირის ორი-სამი კვირის შემდეგ გამოკითხვას ასახავს. ეს უბრალოდ ახსნას არ ექვემდებარება. ვაპირებთ, რომ ეს საკითხები კომპეტენტურ პირებთან, შსს-ში გავარკვიოთ. სხვაგვარად ეს მოტივაცია ჩვენთვისაც გაურკვეველია. არ მინდა დასკვნები წინასწარ გავაკეთო. ფაქტია, რომ ადამიანი, ვინც ჩხუბს თავიდან ბოლომდე უყურებდა,  თავის პირით ამბობს, რომ პოლიციაში ვიყავი, რამდენიმე საათის განმავლობაში მკითხავდნენ და მისი გამოკითხვის ოქმი საქმეში არ დევს. დღეს ეს ადამიანი გვეუბნება, რომ არაფერი დაუნახავს. მაშინ, როდესაც მისი თვალთახედვის არეალში იყო უშუალოდ ლევან დადუნაშვილის სასიკვდილო დაჭრა, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია,“ – განაცხადა კახიძემ.

მისივე თქმით, მიიღეს ახალი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფარდულის დემონტაჟში ჩართული იყო პოლიცია. კახიძე აღნიშნავს, რომ გასარკვევია, რა ფორმით იყო ჩართული დემონტაჟში სამართალდამცველები.

„ახალი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით მივიღეთ, რომ ფარდულის დემონტაჟში ჩართული იყო პოლიცია და გასარკვევია, რა ფორმით. კონკრეტულად რომელი პოლიციელები იყვნენ. ასევე დღეს გავიგეთ, რომ ერთ-ერთი პირი საუბრობს მოზარდზე, რომელსაც თავში ჰქონდა დაზიანება და სისხლი სდიოდა. ეს იყო აბსოლუტურად ბუნდოვანი, აქამდე უცნობი გარემოება. შესასწავლია, ეს მოზარდი ვინ იყო, ვისზე საუბრობს. არც დადუნაშვილს და არც სარალიძეს თავში დაზიანება, ჭრილობა მიღებული არ ჰქონია და ეს დეტალია, რომელიც საქმეში არ იდო”,- განაცხადა ოთარ კახიძემ.

ამასთან, კახიძის თქმით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფარდული ვინმეს კერძო საკუთრება იყო, სიმართლეს არ შეესაბამება.

ხორავას ქუჩაზე დღეს ის პირი გამოიკითხა, რომელიც პირველ დეკემბერს, არასრულწლოვნებს შორის დაპირისპირებისას შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა. მოწმე ნიკოლოზ იორდანიშვილი ადგილზე იმ ავტომობილით იყო მისული, რომლითაც პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე იმყოფებოდა.

კომისიის წევრებს უკვირთ, როგორ ვერ დაინახა მოწმე იორდანიშვილმა მოზარდების დაპირისპირება, როცა ამ დროს საკუთარ მანქანაში იჯდა და ეზოდან გასვლას ცდილობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g