თბილისში ხორავას ქუჩაზე მკვლელობების საქმის გამოძიების პროცესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, კომისიის სხდომებზე საგამოძიებო უწყებების წარმომადგენლების და სხვა პირთა გამოკითხვებმა საზოგადოებაში არსებული კითხვების ლეგიტიმურობა კიდევ ერთხელ ნათლად დაადასტურა.
„პრინციპულად მნიშვნელოვანმა მოქმედებებმა, რომელიც არ განხორციელდა ან არასწორად განხორციელდა გამოძიების ფარგლებში, ხელი შეუშალა საქმეზე სიმართლის დადგენას, მართლმსაჯულების სამართლიანად აღსრულებას და არსებითად შეარყია როგორც დაზარალებულების, ასევე საზოგადოების ნდობა გამოძიების პროცესის მიმართ. ხორავას ქუჩის საქმე აღმოჩნდა ეპიზოდი, რომელმაც სისტემური და კომპლექსური პრობლემები განსაკუთრებული მასშტაბებით გამოავლინა და მძლავრი საზოგადოებრივი პროტესტის საფუძველი გახდა. ამ დრომდე, საგამოძიებო ორგანოების მხრიდან გადადგმული გარკვეული ნაბიჯების მიუხედავად, საზოგადოებაში რჩება განცდა, რომ გამოძიების პროცესის გამრუდებაზე პასუხისმგებელი პირები არ გამოვლენილან და პასუხისგებაში არ მიცემულან,” – ნათქვამია განცხადებაში და საქმესთან დაკავშირებით სახალხო დამცველის ძალისხმევაა აღნიშნული.
არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებაში 11 კითხვას აყალიბებენ, რომლებსაც, მათივე განცხადებით, საგამოძიებო ორგანოებმა ამომწურავი პასუხი უნდა გასცენ.
აღნიშნული კითხვებია:
- რატომ არ ჩაატარეს საგამოძიებო ორგანოებმა მთელი რიგი აუცილებელი საგამოძიებო მოქმედებები მ.კ.-ს მიმართ;
- რატომ არ წარიმართა ინტენსიური გამოძიება მკვლელობის თანამონაწილეთა გამოსაკვეთად, რატომ დაიკითხა საპირფარეშოში მომხდარი პირველი კონფლიქტის მთავარი ფიგურანტი, მკვლელობის დღიდან მხოლოდ მე-13 დღეს;
- რატომ არ გამოუკითხავს შსს-ს და შემდგომ პროკურატურას მოზარდებს შორის დაპირისპირების მთავარი სუბიექტის მშობლები, მამა, მირზა სუბელიანი და დედა;
- რატომ ვერ მოახერხა გამოძიებამ ფარდულის ზუსტი ზომების დოკუმენტირებადა, რატომ გასცა თანხმობა მის დემონტაჟზე;
- რატომ არ გამოუკითხავს გამოძიებას ყველა მოწმე, რომელიც შეესწრო, დაინახა ან რაიმე სახის ინფორმაცია ჰქონდა დანაშაულთან დაკავშირებით, რატომ არ ამოიღო გამოძიებამ ყველა ვიდეოჩანაწერი, სადაც შესაძლოა, აღბეჭდილი ყოფილიყო მკვლელობის შემდგომ მოზარდთა გადაადგილების მარშრუტი;
- რატომ არ შეისწავლა გამოძიებამ დაპირისპირებაში მონაწილე პირების ტელეფონები და სოციალური ქსელები;
- რატომ არ დაიწყო გამოძიება ხორავას ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების ერთ-ერთი მონაწილის გ.მ.-ს ზურგში დაჭრის ფაქტზე;
- რატომ არ დასვა გამოძიებამ ყველა საჭირო კითხვა ექსპერტის წინაშე, მაგალითად, იმ საგნების რაოდენობის შესახებ, რომლითაც დავით სარალიძეს სავარაუდოდ მიაყენეს ჭრილობები;
- მიმდინარეობს თუ არა საგამოძიებო მოქმედებები იმ მოხელეთა გამოსავლენად და პასუხისგებაში მისაცემად, რომელთა უმოქმედობამ ან მიზანმიმართულმა მოქმედებამ გამოიწვია გამოძიების ხარვეზებით წარმართვა და გაართულა საქმეზე მართლმსაჯულების აღსრულება;
- რატომ ვერ უზრუნველყო ექსპერტმა კვლევის ობიექტის დაზიანებისგან დაცვა;
- რატომ არ გაითვალისწინა ექსპერტმა ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულების, კერძოდ, დავით სარალიძის მკვლელობის იარაღის, დანის, დაზიანების შესაძლებლობა და რატომ არ ჩატარდა ექსპერტიზა ისეთ გარემოში, სადაც მტკიცებულება არ დაზიანდებოდა,იყო თუ არა შესაძლებელი მტკიცებულების დაზიანების თავიდან აცილება.
არასამთავრობო სექტორი მიიჩნევს, რომ სამართალდამცველმა ორგანოებმა ყველა შეკითხვას აუცილებლად უნდა გასცენ ამომწურავი პასუხი.
